გვერდი

Wednesday 28 December 2011

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას სთხოვენ

       დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ISFED, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, კოალიციის  -„არჩევანის თავისუფლება“ და ფონდ - „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და პარლამენტის მიერ 2011 წლის 28 დეკემბრის – საშემოდგომო სესიის ბოლო დღეს, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" მესამე მოსმენით შეტანილი ცვლილებები გააპროტესტეს.
      კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების  თანახმად, პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ის იურიდიული პირები,
რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, ან სხვაგვარად იმყოფებიან პარტიის კონტროლის ქვეშ, ან გააჩნიათ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ვალდებულნი ხდებიან კანონის ამოქმედებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში უკან დააბრუნონ იურიდიული პირებისგან კანონის ამოქმედებამდე მიღებული შემოწირულობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა. 
   არასამთავრობოები აცხადებენ, რომ აღნიშნული ნორმა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
       თუმცა საქართველოს პარლამენტმა ნაცვლად იმისა, რომ  პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებაზე იზრუნოს, იგი რეგლამენტის უხეში დარღვევით, მოულოდნელად იღებს ცვლილებებს, რომელიც შესაძლოა პოლიტიკური დევნის "ლეგალურ" იარაღად იქნეს გამოყენებული. ამიტომ მისი ასეთ რეჟიმში მიღების ფაქტი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ 2012 წლის არჩევნები არასამართლიან და არათავისუფალ გარემოში ჩატარდება.
      არასამთავრობოთა წარმომადგენლები პრეზიდენტისგან მოითხოვენ ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონპროექტს და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაბრუნოს.

No comments:

Post a Comment