გვერდი

Friday 2 December 2011

სააკაშვილმა ებრაელი ბიზნესმენები შეიწყალა და ბიუჯეტიდან 70 მილიონი დოლარიც დაზოგა

   დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 13 თვიანი პატიმრობის შემდეგ ებრაელი  ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა.
   როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა პატიმრობიდან ებრაელი ბიზნესმენების განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა "ისრაელის მთავრობისა და პირადად პრეზიდენტ შიმონ პერესის თხოვნით, ასევე ჰუმანური მოსაზრებებით, კერძოდ, დაკავებულთა ასაკისა და ჯანმრთელბის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო". 
      ცნობისათვის, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს 6,5 წლით, ხოლო ზეევ ფრენკელს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რამაც ებრაული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია და ასევე მათ გათავისუფლებას ისრაელის ხელისუფლება კატეგორიულად მოითხოვდა.
 შეწყალებულმა ბიზნესმენებმა საქართველო გათავისუფლებისთანავე სპეცრეისით დატოვეს.
       გარდა ამისა დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის კომპანია "Tramex International Inc"-თან შეთანხმებას მიაღწია,
რის შედეგადაც ქართული მხარე საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაკისრებული 110 მილიონი დოლარის ნაცვლად მხოლოდ 40-ს გადაიხდის.
   ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "თავისუფალი პრესა" უცვლელად გთავაზობთ: 

    "საქართველოს მთავრობამ ხანგრძლივი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად 2011 წლის 29 ნოემბერს მიაღწია ქვეყნისთვის ხელსაყრელ შეთანხმებას კომპანია "Tramex International Inc"-თან. კერძოდ, ქართულმა მხარემ საბოლოოდ დაასრულა მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავა. დავა შეეხებოდა 1992 წლის 3 მარტს საქართველოს მაშინდელი მთავრობის უკანონო გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფო კომპანია "საქნავთობმა" გააფორმა კაბალური ხელშეკრულება კომპანია "Tramex International Inc"-ის წარმომადგენლებთან რონი ფუქსსა და იოანნის კარდასოპულოსთან. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ერთ კომპანიას "Tramex International Inc"-ს ეძლეოდა ექსკლუზიური უფლება ქვეყანაში არსებულ გაზისა და ნავთობის ინფრასტუქტურაზე. ერთ წელიწადში ამავე კომპანიამ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების უკანონო ქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და მომავალში გაყვანილ ნავთობსადენებზე 30 წლიანი ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ ხელშეკრულებების სანაცვლოდ კომპანიას საქართველოს სასარგებლოდ არცერთი თეთრი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, არ შესრულებულა ის მცირედი ვალდებულებები, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით. 1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიქმნა საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია, საქართველოში არსებული ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მართვის სრული უფლება სწორედ ამ კორპორაციამ მიიღო, რის შემდეგაც კომპანია "Tramex International Inc"-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს დავა მათ მიერ გაფორმებული კონტრაქტების კანონიერების თაობაზე როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში. საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, "Tramex International Inc"-ის წილის მფლობელების რონი ფუქსისა და იოანის კარდასოპოლუსის სასარგებლოდ საქართველოს 98 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა, რომელმაც მზარდი პროცენტის გამო 110 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყნისთვის თავიდან აეცილებინა მძიმე ფინანსური სანქციები, რომელიც გამოწვეული იყო წინამორბედი ხელისუფლების უკანონო ქმედებებითა და ქვეყანაში იმ დროს არსებული კორუფციით. ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან ერთად აწარმოა მოლაპარაკებები და მიღწეულია შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დასრულდა მრავალწლიანი დავა. საბოლოოდ საქართველო გადაიხდის დაკისრებული თანხის მხოლოდ 1/3-ს, შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაიზოგა 70 მილიონი აშშ დოლარი, რაც ფინანსური თვალსაზრისით, საქართველოსთვის სასარგებლოა",- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
       

No comments:

Post a Comment