გვერდი

Tuesday 13 December 2011

კახა კალაძე: „ჩემთვის-ადამიანობა, კაცობა, მეგობრობა ძირითადი ფასეულობებია“

      საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძე,  ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება ყველასათვის მოულოდნელად 11 დეკემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული  ოცნების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. დღეს კალაძემ გაავრცელა განცხადება სადაც დეტალურად საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც გადააწყვეტინა ნაკრებიდან წასვლა.  კალაძის განცხადების ტექსტს „თავისუფალი პრესა“ უცვლელად გთავაზობთ:


   „ძვირფასო მეგობრებო, ყველას საუკეთესო სურვილებით მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ, იმ უდიდესი თანადგომისათვის და მხარდაჭერისათვის რასაც გამოხატავთ ჩემდამი. უკვე მესამე დღეა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გავაკეთე და ამ ხნის მანძილზე მოდიოდა უამრავი შეტყობინება მობილურსა თუ კომპიუტერში, რეკავდნენ ახლობლებიც და უცნობი ადამიანებიც. ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი ხალხიდან. უბრალოდ რჩებოდა ერთადერთი კითხვა პასუხგაუცემელი: რა მიზეზით დავტოვე ნაკრები.       
   მანამდე კი მინდა გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო წერილს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა, მთელი წერილი გაჟღენთილია ჩემდამი პირდაპირი თუ ირიბი ბრალდებებით თუ რჩევა-დარიგებებით. უბრალოდ  მათ შეეძლოთ ერთი სიტყვით მაინც ეთქვათ მადლობა, ნაკრებში ჩემი ყოფნის 15 წლის მანძილზე ნუთუ 15 წუთი სიხარულისა არ მიმინიჭებია იმ ადამიანებიასათვის, ვინც ფეხბურთის ფედერაციაშია დასაქმებული. თუმცა სპორტსმენი ხომ ხალხისთვის შრომობს და არა ვიწრო ჩინოვნიკური გაგების ადამიანების ერთი ჯგუფისთვის, რომელთაგან ზოგი შეიძლება ცირკის არენიდან პირდაპირ თბილ სავარძელში ჩასვეს. სხვათაშორის როცა დღევანდელ საქართველოში-პოლიტიკის და ფეხბურთის გამიჯნაზე, ვითომ სახელმწიფოს მხრიდან არ ჩაურევლობაზე საუბრობენ, ეს ცოტა კომიკურიც კია. დღეს კი ფედერაციაში დასაქმებული რამოდენიმე ადამიანი, მისი ჭკუით მარიგებს, როგორ უნდა მოვქცეულიყავი თემურ ქეცბაიასთან მიმართებაში. დამშვიდდით ბატონებო, თქვენ ნუ ღელავთ ჩემი და თემოს ურთიერთობაზე. ამ აბსურდულ წერილზე აქ საუბარს მოვრჩი.
        მეგობრებო, ყველა გულშემატკივარს ვთხოვ, რასაც დავწერ-განიხილონ მთლიანად და არა  კონტექსტში, ამოგლეჯილად. ჭეშმარიტ გულშემატკივარზე მაქვს საუბარი და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც დაშვებული არიან „კალაძემ იტალიასთან თამაში გაყიდას“-დონეზე, ეს წერილი არც „მადრიდი-რეალის“ თამაშის მაყურებელისთვის იქნება საინტერესო. მოგეხსენებათ, ყველა პარტია ნაცვალმა, ერთმა სუბიექტმა „რეალი-ბარსელონას“ თამაში „მადრიდი-რეალის“ მატჩად აღიქვა.
       კითხვა რა მიზეზით დავტოვე ნაკრები?-ჩემი პასუხი გახლავთ, რომ აქ რამოდენიმე საკითხმა მოიყარა დროთა განმავლობაში თავი: მე არ მქონდა მორალური უფლება-ნაკრებში კიდევ რამოდენიმე წელი მეთამაშა,  როდესაც ნაკრების წევრი, გიორგი დემეტრაძე ყოვლად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებით ციხეში ზის უკვე მეორე წელია და მე მისმა მეგობარმა სამართალი ვერ ვიპოვე, მაპატიეთ მაგრამ რაც არ უნდა იყოს ფეხბურთი, ჩემთვის-ადამიანობა, კაცობა, მეგობრობა ძირითადი ფასეულობებია. მეორე წელია, დემეს დაპატიმრებიდან ჩემს თავთან მქონდა ბრძოლა, ნამდვილად არ მინდოდა ჩემს საყვარელ ნაკრებს, მისი გულშემატკივრებს გული დაწყდომოდათ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი პროტესტი უსამართლობისა სწორად იქნება გაგებული საზოგადოებისაგან, მითუმეტეს, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ფედერაციას ერთი დადებითი სიტყვაც კი არ უთქვამს დემეტრაძესთან მიმართებაში. ყველაფერ ამას დაემატა ანგაჟირებული, ჯიბის რამოდენიმე ჟურნალისტის მიერ სერიული თავდასხმა. მარიონეტი ჟურნალისტების ხელით, ზოგიერთი შეეცადა გარედან მოეხდინა ზემოქმედება ნაკრებზე და საუბარი დაიწყეს ჩემს ასაკზე და ბოლოს იმ დონემდე დავიდნენ, რომ 29წლის ხიზანიშვილიც კი ვეტერანად გამოაცხადეს და ამას არქმევდნენ ვითომ ნაკრების გაახალგაზრდავებას, ანუ საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ კალაძის გულისთვის, სხვა თანაგუნდელები იწირებოდნენ. აბა მარტო კალაძე, რომ გაეშვათ, მთლად ლამაზად არ გამოდიოდა. ეს პრობლემაც მოვუხსენი ყველა „კეთილის მსურველ გულშემატკივარს“ და წავედი, ვფიქრობ, რომ ამ 1 წლის მანძილზე რაც შესარჩევ ეტაპამდეა დარჩენილი, ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა ჩამოყალიბდება. ამითაც არ შევუქმენი ნაკრებს პრობლემა, რადგან ოფიციალურ თამაშებამდე მთელი ერთი წელია და ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი პოტენციალი აჩვენონ მწვრთნელებს.
       აქვე არ შეიძლება არ ავღნიშნო, ისიც, რომ უკვე წლებია, რაც ვსვამ კითხვებს და ეს კითხვები რჩება უპასუხოდ. კითხვები იყო დაწყებული- გირგვლიანის მკვლელობიდან დამთავრებული ცნობილ მეცენატს, ივანიშვილს თუ რატომ ჩამოართვეს მოქალაქეობა. თუმცა ამ და მრავალ კითხვებზე პასუხი იყო ან სრული დუმილი ან ამ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი ცინიზმით სავსე. ზოგიერთი, ნაკრებიდან ჩემი წასვლის შესახებ განცხადების, ადგილს მიწუნებს და ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებისას არ უნდა წავსულიყავი ნაკრებიდან, სად პოლიტიკა და სად ეროვნული ნაკრებიო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება არ იყო, ეს გახლდათ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება. აბა ვისთან თუ არა საზოგადოებასთან არ უნდა მეთქვა ხმამაღლა ამ განცხადების შესახებ. დარბაზში ისხდნენ ადვოკატები, ფილოსოფოსები, ექიმები, ჩემი გულშემატკივრები, რომლებისთვისაც სულერთი არაა ჩემი საფეხბურთო მომავალი. დიახ მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ღიად საჯაროდ, საზოგადოებისათვის მემცნო ამ გადაწყვეტილების შესახებ. უბრალოდ მიზეზებზე საუბრით თავი არავის შევაწყინე.
     დასასრულს მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ საოცრად განვიცდი ნაკრებიდან წასვლას და ყველა გულშემატკივარს გთხოვთ: ნუ დაძრახავთ სპორტსმენებს, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და შეცდომისაგან არავინაა დაზღვეული.
  საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვუსურვებ წარმატებებს, ისეთი როგორიც ქართველ ხალხს ეკადრება. კიდევ ერთხელ  მადლობას მოგახსენებთ, რომ მთელი წლების მანძილზე მქომაგობდით და გვერდით მედექით, ჩემთვის დაუვიწყარია ის სითბო და სიყვარული, რაც თითოეულმა თქვენგანმა გამოხატა ჩემი ოჯახის ტრაგედიის დროს (ეს სურათიც, იმ ტრაგედიის შემდეგ, პირველ თამაშზეა გადაღებული).
      მეც ძალიან მიყვარხართ და უზარმაზარ პატივს გცემთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“. 

No comments:

Post a Comment