გვერდი

Friday 30 December 2011

კანონში შეტანილი ანტიკონსტიტუციური ცვლილება აშშ-ს საელჩოს განცხადების შემდეგ შეიცვალა


    „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება, რომელიც კანონს უკუძალას ანიჭებდა გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში შეიცვალა, რომლის მიზეზი სავარაუდოდ აშშ-ს საელჩოს განცხადება გახდა: „შეერთებული შტატები მხარს უჭერს თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს საქართველოში. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია საარჩევნო პროცესზე. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პარტიას ან კანდიდატს. ზუსტად ამ სულისკვეთებით, შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით გაეცნო საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ შესწორებებს საარჩევნო კოდექსსა და კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ამ კვირაში დაამტკიცა. მიგვაჩნია, რომ ბევრი შესწორება, საარჩევნო სიებში არსებული რეალური თუ წარმოსახვითი
უზუსტობების აღმოსაფხვრელად გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებთან ერთად, ხელს შეუწყობს კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. გამოვთქვამთ სინანულს, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ახალი საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც გააქარწყლებდა ეჭვებს საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობასთან დაკავშირებით. ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას. დემოკრატიის მშენებლობა მუდმივი პროცესია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
    კანონპროექტში ცვლილებები პარლამენტმა 28 დეკემბერს შეიტანა. „საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი 29-ში, შუადღეს გამოქვეყნდა. დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები თანხის გამცემს დაუბრუნონ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.
     აღნიშნული ნორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და პოლიტიკურმა პარტიებმაც, კანონისთვის უკუძალის მინიჭებად მიიჩნიეს, რაც პარტიებს და მასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს, ახალი წესების დარღვევით, კანონის ამოქმედებამდე მიღებული თანხების უკან დაბრუნებას აიძულებდა. კანონის ეს ნორმა გააკრიტიკა ამერიკის საელჩომაც.
     დღის მეორე ნახევარში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები, არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს. მათივე მტკიცებით, ამერიკის საელჩო პოლიტიკურმა პარტიებმა შეიყვანეს შეცდომაში და აშშ-ს საელჩოს მსგავსი განცხადებების გაკეთებამდე საკითხის უკეთ გაცნობისკენ მოუწოდეს. როგორც დეპუტატმა აკო მინაშვილმა განაცხადა: „საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება მთლიანობაში პოზიტიურია. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკური გერთიანებების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს, მათ მიერ გაკეთებული განცხადება, გამოწვეულია იქიდან, რომ მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს“.
   უმრავლესობის პრესკონფერენციის პარალელურად, „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონის შესაბამისი დებულებაც შეიცვალა და დღის მეორე ნახევარში, ასე ჩამოყალიბდა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მოექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.  
     ასევე კანონის 26-ე მუხლში ჩაიწერა, რომ „ეს კანონი არ შეიძლება გამოყენებული იქნას გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივობის წინააღმდეგ“.
    კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები გუშინ გამოქვეყნდა, თუმცა „საკანონმდებლო მაცნეში“ ახლა უკვე, ცვლილებების გამოქვეყნების თარიღად 28 დეკემბერია მითითებული, ხოლო პრეზიდენტს ხელი 28-შივე აქვს მოწერილი. შესაბამისად კანონი ძალაში 15 დღეში შევა.

      

No comments:

Post a Comment