გვერდი

Sunday 4 December 2011

„მე არ ვარ აგენტი ან ოლიგარქი, - ამბობს საქართველოს საიდუმლოებით მოცული მილიარდერი“

       გაზეთი „თავისუფალი პრესა“ გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ბრიტანულ გამოცემა "The Guardian"-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ქართული ვერსია "Foreignpress.ge"-იმ გაავრცელა.
    
        ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ უნდა გადაარჩინოს მისი „ნიჰილისტი“ თანამემამულეები და იმედი გაუჩინოს მათ ახალი პოლიტიკური პარტიის ფორმირებით.


    გასულ კვირაში, ჭორვილაში ისინი ქორწილისთვის ემზადებოდნენ. მაგრამ, ამ დროს, ამ სოფელში, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს და საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან დასავლეთით მანქანით ორი საათის სავალ გზაზე მდებარეობს, ისინი ყოველთვის ემზადებიან ქორწილებისთვის. ჭორვილას
მოდერნისტულ საქორწინო ცენტრში, რომელიც ცოტა არ იყოს შეუსაბამოა სოფლის მოკრძალებულად ნაგები სახლების ფონზე, წყვილებს გარანტირებული აქვთ გულითადი მიღება და დაუვიწყარი ადგილი, სადაც დაქორწინდებიან. მათ გარანტირებული აქვთ ასევე 3, 200 დოლარის შემოწირულობა ჭორვილას ყველაზე ცნობილი შვილის, ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც ამ ცენტრის მშენებლობა დააფინანსა და თანასოფლელთა ქორწილების ხარჯებს იხდის.
    ამ თვემდე, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცოდა საქართველოში (და კიდევ უფრო ცოტამ უცხოეთში) ბევრი რამ ივანიშვილის შესახებ. 55 წლის ბიზნესმენი, რომლის ქონებაც ჟურნალმა Forbs-მა 5,5 მილიარდ დოლარად შეაფასა, არასდროს იძლეოდა ინტერვიუებს და საგულდაგულოდ იცავდა საკუთარ პრივატულობას. ის თბილისის მაღალ ფერდობზე წამოჭიმულ 30 000 კვადრატული ფუტის კომპლექსში ცხოვრობს.
ივანიშვილი იმდენად ჩაკეტილი ბუნების ადამიანია, რომ, როდესაც Observer-ი საქართველოში მასთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩაფრინდა, მისმა ერთ-ერთმა მრჩეველმა აღიარა: „ხალხმა შეიძლება მისი სახელის შესახებ იცის, თუმცა მისი ამოცნობა გაუჭირდებათ“. მაგრამ ეს შეიცვლება მომავალ კვირას, როდესაც ივანიშვილი დააფუძნებს თავის ალიანსს „ქართული ოცნება“ – ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, რომლის მიზანიც მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ქარიზმატული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოცილებაა.
      ერთ დროს სააკაშვილის მხარდამჭერი ივანიშვილი, რომელმაც თავისი ფული რუსეთში საბანკო საქმით, საბითუმო ვაჭრობითა და უძრავი ქონების ბიზნესით გააკეთა, ამბობს, რომ მისი ქვეყნის კურსით იმედგაცრულებულია. ის აცხადებს, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლა იძულებითი, დროებითი და აუცილებელია. „მე არ მსურდა პოლიტიკაში მოსვლა. არ ვარ საჯარო ფიგურა; მირჩევნია საკუთარი დაბადების დღეები ოჯახის და მეგობრების წრეში ავღნიშნო. მაგრამ 2008 წლის არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ოპოზიციის გასაძლიერებლად მისი დაფინანსება გადავწყვიტე. [ქართველ] ხალხში ნიჰილიზმმა დაისადგურა. ჩემი გამოჩენით, ხალხს იმედი გაუჩნდა“.
      ივანიშვილი არ მალავს იმ ფაქტს, რომ არ სცემს პატივს სააკაშვილს, რომლის მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება. არსებობს ვარაუდი, რომ ვადის დასრულების შემდეგ, მან შეიძლება „პუტინი გაიმეოროს“ და პრემიერ-მინისტრობა მოინდომოს.
      ივანიშვილის მოულოდნელი გამოჩენა პოლიტიკაში პირადი რისკისგან დაზღვეული არ არის. ის ფაქტი, რომ   მის კომპლექსს, რომელსაც თავის მხრივ შეუძლია დაიკვეხნოს ასაფრენი მოედნითა და ანიშ კაპურის და რობერტ ინდიანას სკულპტურებით, ასე გულდასმით იცავენ, ამ ოთხი შვილის მამის სერიოზულ მოწყვლადობაზე მიუთითებს. მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმეს; მისი განაცხადი სატელევიზიო სადგურის შესაძლო ყიდვაზე დაიბლოკა; მისი კუთვნილი ნაღდი ფული, რომელიც საინკასაციო მანქანას „ქართუ ბანკიდან“ გადაჰქონდა ჩამოართვეს; კანონპროექტი, რომელიც მისთვის ბანკის ჩამორთმევის მიზნით მომზადდა, პარლამენტში წარადგინეს.
          გასულ თვეში, მინისტრებმა ივანიშვილი, რომელიც მოსკოვიდან 8 წლის წინ დაბრუნდა, რუსეთის აგენტად წარმოაჩინეს. ცინიკოსები აცხადებენ, რომ კრემლის მხარდაჭერის გარეშე ის თავის ქონებას ვერ დააგროვებდა და რომ ახლა  პუტინი მას ვალის დაბრუნებას სთხოვს. სამი წლის შემდეგ მას მერე, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა ეს გესლიანი ბრალდებაა.
       ივანიშვილს, რომელიც ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველს საკუთარ გმირად ასახელებს, ეს ვარაუდები აბრაზებს. „მე არასდროს ოლიგარქი არ ვყოფილვარ. ოლიგარქი ნიშნავს ადამიანს, რომელიც მთავრობასთან თანამშრომლობდა, მე კი არასდროს ასე არ ვყოფილვარ“.
        ირაკლი ალასანია, ომის დროს საქართველოს ელჩი გაეროში, ახლა კი ლიდერი პარტიიისა „თავისუფალი დემოკრატები“, რომელიც „რესპუბლიკელებთან“ ერთად „ქართული ოცნების“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდა, აცხადებს, რომ რუსეთის აგენტობასთან დაკავშირებული ბრალდებები „სისულელეა“. ივანიშვილმა პირობა დადო, რომ რუსულ აქტივებს გაყიდის. ის აცხადებს, რომ 1%-იანი წილი „გაზპრომში“ უკვე აღარ აქვს და დარჩენილ აქტივებსაც გაყიდის. თუმცა, ივანიშვილი რუსეთის მიმართ უფრო ლოიალური ჩანს. საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სურვილზე საუბრისას ის აღიარებს, რომ „იდეალური სიტუაცია იქნებოდა რუსეთთან ოპტიმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება“.
        ივანიშვილის რესურსების მოცულობა თვალსაჩინოა საჩხერეში, ქალაქში, სადაც 48 000 ადამიანი ცხოვრობს და რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ჭორვილასგან. აქ მისმა ბიზნესმა 2 500 სამუშაო ადგილი შექმნა და აქ ის  თავისი დაქირავებული ადამიანებისთვის გმირია. საავადმყოფოს რემონტი უტარდება; სამების კათედრალი, ყველაზე დიდი ტაძარია ქვეყანაში; გარეთ გზაზე პოლიციის სადგურია; შემოგარენში მთის სამხედრო დანაყოფთა ბარაკებია; მოელვარე მინის შენობაში საზოგადოებრივი საცურაო აუზია; იქვეა წყლის საწმენდი სადგური; რეგიონში დაახლოებით 30 სკოლაა; კინოთეატრი – ყველაფერი ეს ივანიშვილის დაფინანსებულია, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 1 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო მისი ქვეყნისთვის, რომელიც მაშინ დატოვა, როდესაც ჯერ კიდევ მოზარდი იყო. მისი გულუხვობა გეოგრაფიას უკავშირდება. ჭორვილაში ივანიშვილი მისი ყოფილი მეზობლების გაზის და ელექტროენერგიის გადასახადებსაც კი იხდის და მათ სახლებს მაცივრებით და სარეცხი მანქანებით ამარაგებს.
       მაგრამ ეს ვრცელდება ასევე საქართველოს დამწყებ სამოქალაქო საზოგადოებაზე. ახლახანს გაირკვა, რომ ივანიშვილი პენსიებს უხდიდა დაახლოებით 3000 მსახიობს, სპორტსმენს, მწერალს და მეცნიერს. ასეთი მასშტაბის პატრონაჟი ხელს უწყობს ბრალდებებს იმის თაობაზე, თითქოს მილიარდერს მისი ქვეყნის მხარდაჭერის ყიდვა უნდა. კიდევ უფრო საზიანო ბრალდებაა ის, რომ ივანიშვილი ვერ გააკეთებს ნახტომს ფილანტროპობიდან პოლიტიკური ლიდერობისკენ. „თქვენ ვერ შეძლებთ ქვეყნა იმ პრინციპით მართოთ, როგორც ქველმოქმედება“, ამბობს ანდრიუ ვილსონი, წამყვანი მეცნიერი ორგანიზაციიდან Wider Europe, რომელიც ევროკავშირის მეზობლებთან ურთიერთობებს აანალიზებს.
      ივანიშვილის თქმით, ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენას მხოლოდ ორი-სამი წლით გეგმავს, რაც საკმარისია იმ საკონსტიტუციო რეფორმების რეალიზაციისთვის, რაც საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს განამტკიცებს, რის შემდეგაც ის გვერდით გადგება და დონ-კიხოტივით დააფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, ახალი მთავრობის კონტროლისთვის.
      ივანიშვილის უზარმაზარი ოფისის კედლებზე დე ქუნინგის, ფრეიდის და მონეს ნამუშევრები კიდია. ეს ასლებია: მისი 1 მილიარდიანი არტ-კოლექციის ორიგინალები უსაფრთხოების მიზნით გადამალულია.
თუმცა დამაინტრიგებელია ის რომ, როგორც ამბობენ, რომელიღაც ორიგინალია. ნამდვილის ყალბისგან გარჩევა რთული გახლდათ- წერს სტატიის ავტორი ჯემი დოუარდი.
     . 


No comments:

Post a Comment