გვერდი

Wednesday 21 December 2011

განათლების სამინისტრო იტყუება, ანუ რა ხდება რეალურად ლეციცხვაიეს სკოლაში

       სამწუხაროა, დღეს, როდესაც მძიმე პირობების გამო სოფლები ისედაც დაცლის პირასაა მისული, განათლების სამინისტრომ სკოლების მასობრივი დახურვა დაიწყო. მაგალითად, მიმდინარე წელს განათლების მინისტრის ბრძანებით სასწავლო წლის დაწყებამდე მარტვილში გაუქმდა ოთხი სკოლა (ლეციცხვაიეს, მარტვილის III, პირველი ნამიკოლაოს, წინაკვირკვეს საჯარო სკოლები). აღნიშნული სკოლების დახურვას, როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლები უკანონობად მიიჩნევენ. ლეციცხვაიესა და წინაკვირკვეს სკოლებმა თავიანთი კანონიერი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით გადაწყვიტეს. მაგრამ, სანამ სასამართლო განაჩენს გამოიტანდეს, განათლების სამინისტრო ლეციცხვაიეს სკოლასთან დაკავშირებით გაზეთ „კვირის პალიტრის“ ფურცლებიდან ასეთ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს:        

       „მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს სკოლა, ისევე, როგორც ყველა საჯარო სკოლა, ამჟამად ჩვეულებრივად ფუნქციონირებს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის მოთხოვნის გათვლისწინებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში, კერძოდ, ლეციცხვაიესა და ხუნწში მოხდა სკოლების ადმინისტრაციული ოპტიმიზაცია. უსაფრთხო სკოლის კონცეფციიდან გამომდინარე, ერთ შენობაში განთავსდნენ, პირველი საფეხურის (I-VI) მოსწავლეები, მეორე შენობაში კი _ მეორე და მესამე საფეხურის ( VII-XII ) მოსწავლეები.“
     სამინისტროს მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია სრული აბსურდია, რადგან ლეციცხვაიეს სკოლა ამჟამად ჩვეულებრივად ფუნქციონირებსო, რომ წერენ, განა იქ დღესაც მართლა ისე მიდის სასწავლო პროცესი, როგორც ადრე იყო? სიტყვა „ჩვეულებრივად“ ხომ იგივეა, რაც „როგორც ყოველთვის“. სამწუხაროა, რომ განათლების სამინისტროში არ იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა.       
      სიმართლისაგან შორსაა სამინისტროს ის განცხადება, რომ ლეციცხვაიეს სკოლაში მხოლოდ 6 კლასამდე ბავშვები დატოვეს, რადგან ლეციცხვაიეს გელა ჭედიას სახელობის სკოლა სამინსიტროს ბრძანებით უკვე 4 თვეზე მეტია გაუქმებულია, ამჟამად ის ლეციცხვაიეს გელა ჭედიას სახელობის სკოლა კი არა, ქვედა ხუნწის საჯარო სკოლის მეორე კორპუსია. როგორც სამინისტროს განცხადებიდან ჩანს, მართალია, მინისტრის ბრძანებით კი გაუქმდა ეს სკოლა, მაგრამ, ეტყობა, ახლა ამის აღიარება არავის უნდა და ხალხისთვის თვალის ახვევის მიზნით რაღაც უაზრო სოფისტურ მსჯელობებს მიედ-მოედებიან.
     მაგალითად, გაზეთ „კვირის პლიტრაში“ განათლების სამინისტრო წერს, რომ ლეციცხვაიესა და ხუნწის სკოლების ადმინისტრაციული ოპტიმიზაციის შემდეგ ერთ შენობაში განთავსდნენ პირველი საფეხურის (I-VI) მოსწავლეები, მეორე შენობაში კი _ მეორე და მესამე საფეხურის (VII-XII) მოსწავლეები.
         რა თქმა უნდა, ესეც ტყუილია, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს არსებითად რას ცვლის? რა შუაშია აქ შენობაზე აქცენტის გადატანა? მთავარი ისაა, ვისია ეს შენობა? არის თუ არა იგი დღესაც ლეციცხვაიეს გელა ჭედიას სახელობის სკოლა (თუნდაც ექვსკლასიანი)? ლეციცხვაიეს მოსახლეობამ და პედაგოგებმა ხომ სწორედ იმიტომ შეიტანეს სასამართლოში სარჩელი, რომ ამ სკოლის სტატუსის აღდგენას ითხოვენ. სხვათაშორის მათ სჯერათ, რომ სასამართლოში გაიმარჯვებენ. იქნებ ხელისუფლებამ ამჯერად მაინც უკეთ განუმარტოს ლეციცხვაიეს მოსახლეობას, რატომაა, რომ განათლების სამინისტროში და მარტვილის რესურსცენტრში ქვედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის გრაფაში 183  ბავშვს აჩვენებენ (ეს ციფრი ჩვენ ავიღეთ მარტვილის რესურსცენტრის მიერ ზემდგომ ინსტანციებში გაგზავნილი დოკუმენტიდან: „სკოლების ჩამონათვალი, რომლებშიც სახურავის, კარ-ფანჯრის დ აიატაკის პრობლემებია“). ასე რომ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა არის 183. თუმცა ამ სკოლის დირექტორის თქმით ეს ციფრი სწორი არ არის, რადგან მის სკოლაში სულ 176 მოსწავლე ირიცხება. კი ბატონო იყოს 176 მთავარი აქ ეს არ არის, ციფრი გასწორდება მთავარი უბედურება და მთელი ერისთვის საგანგაშო ფაქტი ისაა, რომ იმ 183 თუ 176 ბავშვიდან 88 ხუნწის სკოლაში არ დადის და მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე ყველა მათგანს საკლასო ჟურნალებში „არა“ ეწერება.  თანაც გაუგებარია ლეციცხვაიეს სკოლის ამ 88 ბავშვზე გამოყოფილი ვაუჩერი, რატომ უნდა დაერიცხოს ხუნწის სკოლას, როცა ლეციცხვაიეს სკოლის იმ 88 ბავშვიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ არცერთი არ გადასულა ხუნწის საჯარო სკოლაში. ასეთი მიიდგომა რამდენად კანონიერია? 
       ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ლეციცხვაიეს სკოლის პედაგოგები უკვე 4 თვეა თავიანთ სკოლაში უფასოდ ასწავლიან არამხოლოდ  I საფეხურის (როგორც ამას სამინისტროს ამტკიცებს _ ფ.ნ) არამედ  II  და  III  საფეხურის მოსწავლეებსაც.
    ნუთუ სამინისტროში არ იციან, რომ მათ მიერ გატარებული ოპტიმიზაციის შედეგად ლეციცხვაიეს სკოლის არცერთი პედაგოგი არ გადასულა სამუშაოდ ქვედა ხუნწის სკოლაში, რადგან ისინი პროტესტს აცხადებენ ლეციცხვაიეს სკოლის გაუქმების გამო?! შეუძლებელია სამინისტროში ეს არ იცოდნენ.
    ჩვენი აზრით, სამინისტროს არც ის განცხადებაა დასაჯერებელი, რომ თითქოს ლეციცხვაიესა და ხუნწის სკლების ადმინისტრაციული ოპტიმიზაცია ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით განხორციელდა. თუკი განათლების სამინისტრო შეძლებს მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ამ „მოთხოვნის“ გამოქვეყნებას, ჩვენ მას საჯაროდ ბოდიშს მოვუხდით, მანამდე კი თავს უფლებას ვაძლევთ მათ მიერ გაკეთებული ეს განცხადება შეგნებულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციად მივიჩნიოთ. ახლა კი, მეტი დამაჯერებლობისათვის, ჩვენს მკითხველებს ვთავაზობთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ სოფელ ლეციცხვაიეს მოსახლეობისა და პედაგოგების იმ წერილს, რომელსაც 516 კაცი აწერს ხელს:
     პატივცემულო რედაქციავ, გწერთ სოფელ ლეციცხვაიედან. ეს სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტშია და განთქმულია თავისი ისტორიით. 
        დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, როცა ლეციცხვაიეს თითქმის დანგრეული პატარა სკოლა მოსწავლეებს ვეღარ იტევდა და ახალი შენობის ასაშენებლადაც მასალა არ ჰყოფნიდათ, სოფელმა წინაპართა საფლავების ქვები სამშენებლო მასალად გამოიყენა. ალბათ ხვდებით, ეს რამხელა მსხვერპლი იყო, მაგრამ სოფელმა გადაწყვეტილება მიიღო, წარსული მომავლის ფეხზე დასაყენებლად გამოეყენებინა. მას შემდეგ ჩვენს სოფელში ბევრი სახელოვანი ადამიანი გაიზარდა. სულ ბოლო სახელი კი აგვისტოს ომში გახმიანდა, _ ამ ომში გმირულად დაღუპული ჩვენი აღზრდილი, მაიორი გელა ჭედია გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოეს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. სწორედ გელას მემორიალი უნდა გაგვეხსნა ჩვენი სკოლის ეზოში, როცა 2011 წლის 9 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიეს ბრძანება მოვიდა ჩვენი სკოლის გაუქმების შესახებ. რა თავზარდამცემიც იქნებოდა ეს ამბავი, ალბათ, ხვდებით. ალბათ იმასაც ხვდებით, რომ არა განათლების სამინისტროს საერთო გეგმა სკოლების დახურვის შესახებ, რაღა თქმა უნდა, შესაბამისი კრიტერიუმებით, და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მეცადინეობა, არც ჩვენი სკოლის დახურვა გადაწყდებოდა. მუნიციპალიტეტი იმიტომ ვახსენეთ, რომ ვეჭვობთ, განათლების მინისტრმა იცოდეს, რომელი სკოლა უნდა ჩაიწეროს დასახურავთა სიაში. ეს კი იმანაც დაადასტურა, რომ იმ ხნიდან მოყოლებული (როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ჩვენი რაიონის დეპუტატმა ჩვენი ამბავი გააგებინა), განათლების მინისტრი რამდენჯერმე, მათ შორის ტელევიზიითაც კი გამოვიდა ჩვენი სკოლის აღდგენის შესახებ. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა რეალურად სკოლას სტატუსი არ აღუდგა და ჩვენ 105 მოწაფით ჰაერში ვართ გამოკიდებული. არადა, არც მინისტრთან მისასვლელი გზები ვიცით და არც პრეზიდენტთან, რომ გაგვარკვიოს, რა ხდება ჩვენს თავს. ამიტომ გთხოვთ დახმარებას, რადგან თქვენ შეგიძლიათ, ეს ამბავი ისე გაახმაუროთ და ვისაც ჩვენი სკოლის აღდგენის საკითხი ეხება, შეუძლებელია, სინდისმა არ შეაწუხოს და ასეთ დღეში მიგვატოვოს.

სოფელ ლეციცხვაიეს მოსახლეობა და პედაგოგები
(თან ერთვის 516 ხელმოწერა).

     იმედია ახლა მაინც გააკეთებს განმარტებას მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება და რესურსცენტრის ხელმძღვანელობა, რატომ ეწოდა ლეციცხვაიეს საჯარო სკოლას მაიორ გელა ჭედიას სახელი, თუ მისი გაუქმება იგეგმებოდა და საერთოდაც ვისი მოთხოვნით განხორციელდა აღნიშნული სკოლების ადმინისტრაციული ოპტიმიზაცია?!

ფაუსტ ნადარაია

No comments:

Post a Comment