გვერდი

Thursday 22 December 2011

ილია კუხალაშვილის პოეზია



მარადიული თემები
(წუთისოფელი რა არი...)

ვინც მიყვარს, ნეტავ რად მიყვარს?
ვინც არა, ნეტავ რად არა?
აფერუმ იმას, სოფელო,
ვინც წუთისოფელს გადარა.
ვის, ვის რა გვრჩება ამქვეყნად,
დარდის და ჭმუნვის გარდა რა?
ხომ ყველგან გვინდა რომ ვიყოთ,
სადაც მივდივართ, მანდ არა!
იქ ღამე უმთვარ-უმზეო,
ჯერ ვეღარავინ ადარა.
აქ დავიფერფლოთ იქნება
გული ღველფად და ღადარად,
ვერც რა ყორანმა წაიღოს
ვერც რამ დაგვშალოს რად რა რად!!!
უფალს მადლობა სულისთვის
ზეცა აქვს ტურფა ბაღნარად!
ვინც მიყვარს, ნეტავ რად მიყვარს,
ვინც არა, ნეტავ რად არა?
-------------------------------
დღეს...

დღეს ქართველები მოედვნენ მილეთს
გადაიარეს ზღვები და მთები...
ნაპამპერსალი, ნაქოთანარი,
სიმწრით ნაშოვნი ვალუტით ვთვრებით!
ეს ბედოვლათი კი გაბადრულა,
რეიტინგების უწყვია დასტა!
ფეხზე ჰკიდია რომ შორეთიდან,
ძმა ვერ ჩამოდის ავადმყოფ დასთან.
მშობელს ვერ ტირის შვილი ლტოლვილი,
გაევროპელდა გეტოში გდებით!
ხოლო ცოლებმა კოხტად მოვლილი
ამანათებით მოგვიძღვნეს რქები.
ვენა, პარიზი, სტამბულ-მადრიდი,
(ვინ რად დაეძებს რა ფერის ხდები?)
ხომ შევუსიეთ ნათელ ევროპას
მპარავები და აფერისტები.
უხანჯლ-უომრად და ნება-ნება,
(აქ ისტორიას არ ვეძალები!)
ხომ გადავავსეთ მთელი თურქეთი
ნამეძავრებით და მეძავებით.
ჰოდა, გმირები წიგნებში ჩარჩნენ,
რა ქნან, ებრძვიან ჩრჩილებს ტიალებს,
რათა დრო და დრო ცრემლი მოჰგვარონ,
შეჭარმაგებულ მემატიანეს.
P.S. შენ, შენ რას შვრები _ თუ ფიქრობ, მკითხავ,
რას და არც რამეს! მეც რაც ვარ ეს ვარ!
გიჯღაბნი ამ ლექსს, იქნებ როგორმე,
დაგაცდენინო გულიდან კვნესა.

 ------------------------------------
* * *
იყიდება საქართველო...
ნიკო ლორთქიფანიძე

ჩვენ რომ გვეგონა გვქონდა სამშობლო
და ვამზევებდით წარსულს რიგიანს,
თურმე ვიღაცამ გვიყიდა სულაც
და დოყლაპიებს არც გაგვიგია.
ახლა როს ვფიქრობთ, რომ გვაქვს სამშობლო
და მეხოტბეთა თადარიგია,
თურმე ვიღაცა ისე გვყიდულობს
ჩვენ, დოყლაპიებს ვერც გაგვიგია.
რომ გვეგონება _ ჰყვავის სამშობლო
და ოცნებათა კოშკებს ავიგებთ,
მაშინაც ვინემ ისე გვიყიდის,
დოყლაპიები ვერც კი გავიგებთ!

------------------------------------
* * *
„ ...გვეყო ვახტანგ გორგასალის
მუზარადით კვეხნა.“

გ. ლეონიძე

ეს ტრაბახი და ეს ბაქიბუქი,
აღარც გულშია ახლა, არც სულში,
არ შეიძლება ერმა იცოცხლოს
მხოლოდ და მხოლოდ დიად წარსულში,
იყო დავითი, კვლავაც იქნება!
ან შემეშლება ნეტავ მე ვისში...
არ შეიძლება ერმა იცოცხლოს
მხოლოდ და მხოლოდ „დიად“ მერმისში.
და აქ სათქმელსაც, ალბათ, გავბედავ,
თუკი წარსულზე მომავალს ვამყნობთ,
არ შეიძლება ერი ცოცხლობდეს
და მას არ ჰქონდეს სრულებით აწმყო.

-----------------------------------------
ამბორი
„...და მე ავდექი, ვემთხვიე მოძღვარს
და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი.“

მ. ქვლივიძე

პატარები ყაყანებდნენ,
დიდებს სძულდათ დიდები,
და ერთმანეთს აბეზღებდნენ
ყურთან ბაგის მიდებით.
პატარები ყაყანებენ,
დიდებს კვლავ სძულთ დიდები,
და ერთმანეთს აბეზღებენ
ყურთან ბაგის მიდებით.
პატარები კვლავ იღრენენ,
დიდები კი, დიდები,
ერთურთს ისევ დაასმენენ
ყურთან ბაგის მიდებით!

----------------------------
* * *
(შენ სისხლო ჩემო...)
მ. მაჭავარიანი

ოჰ, წვეთავს სისხლი ცრემლად ნადენი,
მგოსნის არ იყოს, რომელსაც რყვნიდნენ,
რა საჭიროა ზმები ამდენი,
ერთგულებისთვის ერთგულებს სჯიდნენ.
ბოღმად გვაშრება სისხლი თვალებზე
თუ მაშინ, დღესაც მით უფრო გვრყვნიან,
თუმც სანუგეშო სიტყვებს დავეძებ
რა ვქნა, ერთგულებს თუ ახლაც სჯიან.
არ მიხარია მომავლის ლანძღვა,
მაგრამ ცხადია რომ კვლავ გაგვრყვნიან,
და ამიტომაც ჩავთვალეთ, არც ვართ,
ერთგულებისთვის კვლავაც დაგვსჯიან.

--------------------------------------------
* * *
„აღამაჰმადხანი მოღალატეებმა ისევ
შემოაბრუნეს თბილისისკენ.“

ისტორიული წყაროებიდან

... ვეკრძალვი გმირებს, რომლებიც,
თავს სდებდნენ სისხლის გაღებით,
მაგრამ ხომ იყვნენ, ხომ გვყავდნენ
მტერთათვის ჭიშკრის გამღებნი.
ახლა თითქოსდა მხნედა ვართ,
ამ ფასადებით, ნაღებით,
მაგრამ ვით ვმალო, რით ვმალო,
მტერთათვის ჭიშკრის გამღებნი.
მჯერა მერმისშიც გავსხლტებით,
ძველებს შეცვლიან ახლები...
ვნატრობ, უფალმა გვაშოროს,
მტერთათვის ჭიშკრის გამღებნი.

----------------------------------
* * *
„უჩემოდ ვით იმღერეთა...“
დ. გურამიშვილი

ამ მდაბიოთა ფუთფუთი, დრტვინვა,
გულში ღვარძლით და მუხლყრით თაყვანი,
(მე თვითონ ვიცი, დიახასც, ვინ ვარ!)
რაში მჭირდება მათი ყაყანი!
მოფარებულზე ჭორების გროვა,
ხოლო პირქებით ცამდე აყვანილს,
(მე თვითონ ვიცი რჩეული რომ ვარ!)
რაში მჭირდება მათი ყაყანი!
ვითომ მიგლოვენ, როცა მისიას,
აქ აღვასრულებ ღვთის წილნაყარი...
(უკვდავი რომ ვარ მათ რა იციან?!)
რა ჭირად მინდა მათი ყაყანი!

No comments:

Post a Comment