გვერდი

Thursday 5 July 2012

კულტი პიროვნების გარეშე


ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი მოზარდ თაობაში, უკვე დიდი ხანია, პიროვნების კულტის დანერგვა ინფორმაციული ძალადობის გზით მიმდინარეობს, რაც სააკაშვილის განდიდებასა და კერპად ქცევას ისახავს მიზნად. შედეგად კი მივიღეთ ლუდოვიკო XIV-ის მსგავსად პატივმოყვარე და საკუთარ ფუფუნებაზე მზრუნველი, საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემებისადმი არაადეკვატური პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი თავი "მიშა-მზედ", ხოლო სახელმწიფო სიკეთეები მის პირად საკუთრებად გამოაცხადა.
რამდენიმე წელია, განდიდების მანიით შეპყრობილმა სააკაშვილმა, ფაქტობრივად, ტელეეკრანები "დაიპყრო". ამასთან, "მიშა-მზე" ტელეეკრანზე ძირითადად სხვადასხვა ასაკის ბავშვების ფონზე ჩნდება და ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე და ჩრდილოეთიდან მოსულ "მუმიებზე" დაუსრულებლად საუბრობს.

მართალია, პოლიტიკა ბავშვების ინტერესის სფერო არ არის და ქვეყნის პირველი პირი პოლიტიკურ კომპანიას ბავშვებთან, მითუმეტეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან, არ უნდა მართავდეს, მაგრამ ყოველივე ამას საფუძვლად უდევს ერთი მარტივი მიზანი: ყველა დიქტატორს სჭირდება მორჩილი საზოგადოება, რომელიც მას თაყვანს სცემს და გააღმერთებს, ხოლო 10-15 წლის შემდეგ სწორედ ეს ბავშვები იქნებიან "მიშა-მზის" ამომრჩევლები, მიმდევრები, მეხოტბეები, ამიტომ მათი იდეოლოგიური აღზრდა და პოლიტიკური «გემოვნების» ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან უნდა მოხდეს.
13 ივნისს "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა" საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა მოქალაქე ჟურნალისტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელშიც აბიტურიენტი სასწავლო პროცესის დროს გამოვლენილ შემაშფოთებელ ტენდენციაზე საუბრობს. წერილიდან ირკვევა, რომ მასწავლებელი-რეპეტიტორები ბავშვებს ურჩევენ, თუ სურთ მაღალი ქულების აღება, მაშინ მათი ნაწერები "რუსთავი 2"-ითა და "იმედით"  მოსმენილი არგუმენტებით გაამყარონ, ხოლო ტურიზმზე საუბრისას აუცილებლად უნდა შეეხონ დონალდ ტრამპის ვიზიტს და მის მნიშვნელობას, ანაკლიის აღმშენებლობას ან კიდევ, ეკონომიკის განვითარებაზე წერისას 26 მაისს თბილისში გამართულ სამრეწველო სამამულო წარმოების აღლუმი დადებით კონტექსტში მოიხსენიონ.
არც ისე დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ნაჩვენები იყო, თუ რა გულმოდგინედ ავარჯიშებენ მასწავლებლები საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს თუ სკოლის მოსწავლეებს, "მიშა, მიშა" მთელი მონდომებით, ფილტვის დახეთქვამდე რომ ეყვირათ.
რა არის ეს, თუ არა ბავშვზე ძალადობა?! ავტორიტარი მმართველების ხელში მოზარდები არუნდა იქცნენ პოლიტიკურ იარაღად, რადგან ეს საზოგადოებას ინტელექტუალურად გამოფიტავს და ხელში ზომბების მრავალრიცხოვანი არმია შეგვრჩება, რომლებიც "მიშა-მზეზე" ილოცებენ.
 ამ აღვირახსნილი პროცესის შეჩერება სამოქალაქო საზოგადოებამ თუ ვერ შეძლო, წლების შემდეგ მივიღებთ სწორედ იმ სურათს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მთელი მსოფლიო შოკირებული შესცქეროდა, ვგულისხმობ ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ირის სიკვდილის შემდეგ მომხდარ ფაქტს, როცა ბელადის დაკარგვით დამწუხრებული კორეელები უმოწყალოდ ურტყამდნენ თავს იატაკზე.
საქართველოს ხელისუფლებამ გაუაზრებელი და დეფორმირებული რეფორმებით პირველ ეტაპზე მიაღწია იმას, რომ ქართული ცოდნის კერები დატოვა ცოდნის გარეშე, ამჯერად კი მიზანში ამოიღო ქართული ენა, როგორც ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების უმთავრესი ინსტრუმენტი, და მის ჩანაცვლებას ინგლისური ენით ცდილობს. "ვინც რა არ უნდა თქვას, ჩვენ უახლოეს მომავალში შემოვიღებთ წესს, რომლის მიხედვითაც უმაღლესი სასწავლებლის დიპლომებს ვერ აიღებენ ის პირები, რომელთაც ინგლისური ენა არ ეცოდინებათ. ძალიან კარგია რუსული ენის ცოდნა, თუმცა დღეს მთელი ინფორმაციის მიწოდება პრაქტიკულად ინგლისურად მიდის. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ აღნიშნული წესის შემოღება აუცილებელია", _ განაცხადა სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ. ზოგადად, არც ერთი უცხო ენის ცოდნა ბავშვისთვის ცუდი არ არის, პირიქით უკეთესიცაა, ერთი ფრთიანი გამოთქმისა არ იყოს: "რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ", მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ისე გულმოდგინედ ქართულ ენას არავინ ასწავლის ქართველ ბავშვებს, როგორც ამას ინგლისურის შემთხვევაში აქვს ადგილი. მითუმეტეს, თუ ინგლისურის სწავლებამ იძულებითი ხასიათი მიიღო, მაშინ ეროვნული თვითმყოფადობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
დღეს განათლების სისტემა სერიოზულ კრიზისს განიცდის "ვარდოსნების" მიერ გატარებული არაგონივრული და გაუმართლებელი რეფორმების, ლოტოტრონების თუ ტესტირება-გამოცდების შედეგად. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, სააკაშვილის რეჟიმმა მოახერხა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო პარტიული პროპაგანდის სამსახურში ჩაეყენებია. უფრო მეტიც, ხელისუფლება "ვარდების რევოლუციის" შემდეგ განათლების სისტემას ისე ექცევა, თითქოს მას ევთანაზიისთვის ამზადებდეს. შედეგად განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანები მმართველი პარტიის აგიტატორებად, აქტივისტებად და პროპაგანდისტებად გადაიქცნენ, ხოლო ვინც ამ უსამართლო პოლიტიკას არ იზიარებს, თანამდებობას ახსნა-განმარტების გარეშე ემშვიდობება.
მასწავლებელთა კორპუსი რომ დეგრადაციის გზაზეა, ეს ნათლად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის რეგიონებში მოგზაურობისას, როცა თითქმის ყველა რაიონულ ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრისას პროვოკაციებს, დებოშს თუ ხმაურს მასწავლებლები და სკოლის დირექტორები აწყობდნენ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დაკვეთით.
 მართალია, ნებისმიერ მოქალაქეს და მათ შორის მასწავლებლებსაც სრული უფლება აქვთ, ჰქონდეთ პოლიტიკური სიმპატიები მმართველი გუნდის მიმართ. მაგრამ პედაგოგი, რომელიც რიგითი პროვოკატორის დონემდე დადის, სკოლაში მუშაობის ღირსი არ არის. ასეთი ადამიანი ბავშვის აღმზრდელად არ გამოდგება, რადგან სკოლა მასწავლებლისთვის მხოლოდ დასაქმების ადგილი არ არის, სადაც ყოველდღე ივლის ავად თუ კარგად და ხელფასს აიღებს. მასწავლებლობა, უპირველეს ყოვლისა, დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს პედაგოგს მომავალი თაობის წინაშე, ვინაიდან მასწავლებელი უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე. მასწავლებელი საფუძველს უყრის მომავალი თაობის სწორად აღზრდას, ანუ ერის მომავალ განვითარებას და წინსვლას.
სააკაშვილის რეჟიმი სკოლების ტოტალურ კონტროლს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ცდილობს და გარკვეულწილად მიაღწია კიდეც მიზანს. არასასურველი და მმართველი რეჟიმისადმი არალოიალური პედაგოგები სკოლიდან დაითხოვა და მოსწავლეების "სპარტანულად" აღზრდის მიზნით, ერთი წლის წინ "მანდატურის ინსტიტუტიც" შემოიღო, რომლის უმთავრესი მოვალეობა ბავშვების მეთვალყურეობა და მკაცრი კონტროლის პირობებში აღზრდაა. არადა, აღმზრდელობითი ფუნქცია სკოლაში, წესით, მასწავლებელს, ანუ ცოდნის მიმცემს აქვს. ხელისუფლებამ კი მანდატურების მიერ გამოვლენილი სიმკაცრე "ქუჩური მენტალიტეტის" ამოსაძირკვად მიმართულ ღონისძიებად შეაფასა. კარგია, სასწავლო დაწესებულებები მეტ-ნაკლებად ქუჩური მენტალიტეტისგან რომ გათავისუფლდა, მაგრამ სკოლაში სწორედ მანდატურებმა დანერგეს მეორე უკიდურესობა, ე.წ. ჩაშვების ინსტიტუტი, რომელიც პოლიციური სახელმწიფოს პროდუქტად აქცევს მომავალ თაობას. ქართულ სკოლებშიმიმდინარე ამ არასასურველმა პროცესმა პატრიარქიც შეაშფოთა: სკოლებში "ზედამხედველებად ე.წ. მანდატურები დავნიშნეთ. ისინი კი არ ზრდიან ბავშვებს, აქცევენ მათ ენის მიმტანებადთავიანთ მასწავლებლებსა და მეგობრებზე, ამიტომ ეს საკითხი შესასწავლია. შიშით ვერგავზრდით შვილებს, მხოლოდ სიყვარულითა და კეთილი სიტყვით უნდა აღვზარდოთ ისინი.მადლობა ღმერთს, რომ ვცხოვრობთ დროში, როდესაც გვაქვს ორი სასულიერო აკადემია დაათობით სასულიერო სასწავლებელი. მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის", _ ბრძანა უწმინდესმა ილია მეორემ.
ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მმართველი პარტია სკოლის ადმინისტრაციულ და ადამიანურ რესურსს საარჩევნო პროცესის დროს უპრობლემოდ იყენებს: მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები უმეტესწილად სკოლის შენობებშია განთავსებული, ხოლო სკოლის პედაგოგები და დირექტორები საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებად და თავმჯდომარეებად მუშაობენ. ასევე, ძალიან ხშირია ფაქტები, როცა პედაგოგები სამუშაო საათების დროს ესწრებიან როგორც პრეზიდენტის, ისე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს და ამის გამო მათ სიტყვიერ გაფრთხილებასაც არავინ აძლევს. პირიქით, ასეთი ქმედება წახალისებულია განათლების სამინისტროს მიერ. მაგრამ, თუკი პედაგოგმა "გაბედა" და ხმამაღლა დააფიქსირა თავისი პოლიტიკური სიმპათიები რომელიმე ოპოზიციური პარტიის თუ მისი ლიდერის მიმართ, მაშინ მის წინააღმდეგ რეპრესიებს მთელი სახელისუფლო მანქანა განახორციელებს.
ამ შემთხვევაში გამოსავალი სკოლის (ისევე როგორც პოლიციის და ჯარის) დეპოლიტიზაციაშია. უფრო კონკრეტულად კი, უნდა აიკრძალოს საარჩევნო ოლქებისა თუ უბნების საქმიანობაში სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების მონაწილეობა, უნდა შეწყდეს სასწავლო დაწესებულებებში საარჩევნო უბნების გახსნა, ასევე შეეზღუდოს პრეზიდენტს და ნებისმიერ სხვა სახელმწიფო მოხელეს სკოლაში პოლიტიკური კამპანიის წარმოება. ეს კი შესაძლებელს გახდის, ქვეყანაში სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, დირექტორები და, რაც მთავარია, მოსწავლეები პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლდნენ. მითუმეტეს, "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, "დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზირება", ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია. თუმცა იმ ფაქტმა რომ ბატონი შაშკინი სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ჯერ განათლების, ხოლო ახლა თავდაცვის მინისტრად გადაიყვანეს, ცხადყო რომ "ციხის რეჟიმი" ხელისუფლებას ჯერ სკოლებში, მერე კი ჯარშიც უნდა დაემყარებინა და განათლების სისტემის კვალდაკვალ ჯარიც უკიდურესად პოლიტიზირებული გაეხადა.

ზურაბ ჯამბურია


No comments:

Post a Comment