გვერდი

Thursday 5 July 2012

”ქართულ ოცნებაში” შემავალ პარტიებს ჯარიმების გადახდის ვადა ამოეწურათ



 კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვადა ამოეწურათ. 
 კოალიციის ადვოკატის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, პოლიტიკურ სუბიექტებს შემდგომ პროცედურებთან დაკავშირებული სააღსრულებო ფურცელი ჯერ არ მიუღიათ.
 "პროცედურის მიხედვით, ახლა სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი უნდა გასცეს და ის აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარედგინოს, რის შემდეგაც დაიწყება სტანდარტული პროცედურები - აღიწერება ქონება, დაყადაღდება და მისი იძულებით აუქციონზე გატანა მოხდება," - განმარტა სანდრო ბარამიძემ.
 
მისივე განმარტებით, კოალიციაში შემავალი პარტიები თანხის გადახდას ორი მიზეზით არ აპირებენ.
  "ჯერ ერთი, ამხელა თანხები არ აქვთ და მეორეც უკანონო გადაწყვეტილებას არ შეასრულებენ," - აღნიშნა ადვოკატმა.
  კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების დაჯარიმების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე მიიღო. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 
  როგორც კონტროლის პალატის განცხადებაშია ნათქვამი, შპს "მენეჯმენტ სერვისმა" საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476 614,51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია "ქართული ოცნების" საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება", კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები – "რესპუბლიკური პარტია", "ეროვნული ფორუმი", "ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები", "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "კონსერვატიული პარტია" და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს".
  მაკონტროლებელი უწყების ინფორმაციით, შპს "მენეჯმენტ სერვისის" მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლომ უკანონო შემოწირულობად ცნო.
  შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების დაჯარიმების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე მიიღო. მოსამართლე ილონა თოდუას გადაწყვეტილებით, აღნიშნული პარტიები 2 383 097 ლარით დაჯარიმდნენ. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

No comments:

Post a Comment