ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი მოზარდ თაობაში, უკვე
დიდი ხანია, პიროვნების კულტის დანერგვა ინფორმაციული ძალადობის გზით
მიმდინარეობს, რაც სააკაშვილის განდიდებასა და კერპად ქცევას ისახავს მიზნად.
შედეგად კი მივიღეთ ლუდოვიკო XIV-ის მსგავსად პატივმოყვარე და საკუთარ ფუფუნებაზე
მზრუნველი, საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემებისადმი არაადეკვატური
პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი თავი "მიშა-მზედ", ხოლო სახელმწიფო სიკეთეები მის
პირად საკუთრებად გამოაცხადა.
რამდენიმე წელია, განდიდების მანიით შეპყრობილმა სააკაშვილმა,
ფაქტობრივად, ტელეეკრანები "დაიპყრო". ამასთან, "მიშა-მზე" ტელეეკრანზე ძირითადად
სხვადასხვა ასაკის ბავშვების ფონზე ჩნდება და ქვეყნის საშინაო თუ საგარეო
პოლიტიკაზე და ჩრდილოეთიდან მოსულ "მუმიებზე" დაუსრულებლად საუბრობს.
