გვერდი

Saturday 7 July 2012

შპს "ბურჯს" 8 644 640 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა


თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს "ბურჯს" ჯარიმის სახით 8 644 640 ლარის გადახდა დაეკისრა
სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ შპს "ბურჯის" ადვოკატმა მერაბ ბარბაქაძემ განაცხადა, სასამართლომ არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და არგუმენტები, რომლებიც მათი გამამართლებელი გადაწყვეტილების საფუძველი გახდებოდა. მისი თქმით, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ კონტროლის პალატის სარჩელს და როგორც მოსალოდნელი იყო, არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.
ბარბაქაძის განცხადებით, ბრალდება, რომლის მიხედვითაც შპს "ბურჯი" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს სატრანსპორტო მომსახურებას უსასყიდლოდ უწევდა, არ შეესაბამება სიმართლეს - რეალურად, კომპანია იღებდა საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას და ამის დამადასტურებელი ხელშეკრულებები და ქვითრები არსებობს
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც კი ჯარიმა არაადეკვატურია, რადგან ის განსაზღვრულია არა გაწეული მომსახურების საფასურის, არამედ მანქანების საერთო ღირებულების ათმაგი ოდენობით. როგორც მერაბ ბარბაქაძემ აღნიშნა, 45 ავტომობილი, რომლებიც პარტიებს სამი აქციის განმავლობაში 3 დღით ყავდათ დაქირავებული, არის 864 000 ლარის ღირებულების და მათვის გაწეული მომსახურების საფასურად არის ჩათვლილი სწორედ ამ მანქანების ღირებულების ათმაგი ოდენობა
როგორც იურისტი აცხადებს, ამ ჯარიმის დაკისრების შედეგად კომპანიას რეალურად აღარ ექნება არანაირი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. ამასთან, მისი თქმით, დაყადაღდა ამ კომპანიის ანგარიშები, რაც დამატებითი შეზღუდვაა და ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ რეალურად შპს "ბურჯი" შეწყვეტს ფუნქციონირებას.
ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

Interpressnews.ge 

No comments:

Post a Comment