გვერდი

Wednesday 30 May 2012

მარტვილის რაიონში გაზეთების "თავისუფალი პრესისა" და "მარტვილის" ოფისი დაარბიეს


22 მაისს დაუდგენელმა პირებმა მარტვილში გატეხეს გაზეთების `თავისუფალი პრესისა~ და `მარტვილის~ ოფისი, წაიღეს რედაქტორის 2 უბის წიგნაკი, რომელშიც ტელეფონის ნომრები და ჟურნალისტური საქმიანობის ამსახველი სხვადასხვა მასალები იყო ჩაწერილი, შემდე კი, სამუშაო ოთახში მიფანტ-მოფანტეს ყველაფერი და წავიდნენ.
აღნიშნულის შესახებ დროულად ეცნობა პოლიციას და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჩვენი აზრით, მომხდარი ფაქტი გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნისა, რასაც მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა თავისუფალი პრესის წინააღმდეგ ახორციელებს.
თავისუფალი პრესის წინააღმდეგ სერიოზული სადამსჯელო ღონისძიებების გატარება გამგებელმა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ოქტომბერში გაზეთ `მარტვილსა~ და გაზეთ `თავისუფალ პრესაში~ გამოვაქვეყნეთ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის ამსახველი მასალები. გამგეობის გაღიზიანება გამოიწვია გაზეთის მიერ იმ დანაშაულებრივი ქმედების გამოაშკარავებამაც, რომელიც სოფელ ლეცეცხვაიეს საჯარო სკოლის უკანონო დახურვას შეეხებოდა.
თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და ისეთი დახავსებული აზროვნების ადამიანი, რომელსაც ამის გაგება არ შეუძლია, გამგებლად არ უნდა მუშაობდეს.
მარტვილის რაიონის გამგებელი მამუკა დანელია დიდი ხანია თავისი უფლებების გადამეტების მანიითა შეპყრობილი, მაგრამ ამაზე უფრო დეტალურად სხვა დროს.
ახლა კი გვინდა მკითხველს ვაუწყოთ, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებისადმი პროტესტის გამოხატვისა და გაზეთ `თავისუფალი პრესისა~ და გაზეთ `მარტვილის~ გადარჩენის მიზნით, ყველასაგან მოულოდნელად,
რამდენიმე პენსიონერმა გამოთქვა სურვილი თავისი საყვარელი გაზეთების გამოსაცემად, შემოწირულობის სახით, 10-20 ლარი გაიღოს. ბუნებრივია ეს გაზეთის პრობლემებს ვერ გადაჭრის, მაგრამ ამას აქვს უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოსახლეობა ხელისუფლების უკანონო ქმედებებს არ შეეგუება.

faust nadaraia

No comments:

Post a Comment