გვერდი

Saturday 26 May 2012

დღეს გაჩუმება ნებაყოფლობითი მონობის ტოლფასია

გულზე მაწევს შავი დარდი,                             დამჭკნარია ბაღში ვარდი
   ვაი ჩემო საქართველოვ,
სადღა არის ცოდვა-მადლი“.

ჩვენ, დღეს ვცხოვრობვთ ვირტუალურ ქვეყანაში, რომელიც მომაგონებს სცენაზე გამოსული ილუზიონისტის  სცენარს და მოქმედებებს. როცა სცენაზე ილუზიონისტი გამოდის ჩვენ ვიხიბლებით მისი მოქმედებით, მაგრამ ვხვდებით რომ ის გვატყუებს. გვატყუებს და ტაშს ვუკრავთ, თანაც-გვიხარია. მაგრამ  როცა სცენა-ქვეყანაა  და ილუზიონისტი ქვეყნის მმართველი, მაშინ იგივე ქმედება,  ტაშის დაკვრა, ხიბლი და სიხარული -ტრაგედიაა. ტრაგედიაა დღევანდელი შიში, სიჩუმე და უმოქმედობა ჩვენი ერისთვის. ჩვენ ვერ ვხედავთ  რეალობას. ჩვენ დავსცინით სხვებს, თუნდაც კორეელებს-კიმ ჩენ ირის სიკვდილის გამო კედელს რომ ურტყამდნენ  თავს.  რუსებს- პუტინის სურათს რომ კოცნიან და ა.შ., მაგრამ ვერ ვამჩნევთ,  თუ რა ხდება ჩვენს თავს. ვერ ვამჩნევთ იმას, რომ ყოველდღე გვატყუებენ. ვერ ვხედავთ იმას, რომ რითაც ქართველები ვაამაყობდაით- ქრისტიანობა, მეგობრობა, სიამაყის გრძნობა, მიწისა და სამშობლოს  სიყვარული უკვე წაგვართვეს. ნამუსი აგვხადეს, ეროვნული ფასეულობები და ტრადიციული ღირებულებები- ტურიზმის ნიფხავად გაგვიხადეს. რითაც მოსპეს  საერთო ეროვნული, სახელმწიფოებრივი შეგრძნება და სულისკვეთება.  ხოლო გზა გაუხსნეს მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვას და არა თვითგანვითარებას, თვითდამკვიდრებას, ზნეობისა  და რწმენის ამაღლებას. ყოველივე ეროვნული, ზნეობრივი  და ქრისტიანული  გახადეს სამარცხვინო.
   პრეზიდენტი, ხელისუფლება და მთლიანად საჯარო მოხელეები დღეს დაკავებულნი არიან ხალხის მართვით და არა მათი სამსახურით. მათთვის უცხოა ქართველთა სახელმწიფოს ზნეობრივი საფუძვლები და წინაპართა რელიგიური, სამოქალაქო, ეროვნული ადათ წესები.    

დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფ  ადამიანებს გონიათ, რომ მათ აქვთ უფლება მართონ ქვეყანა მუდმივად. მათ თვითცნობიერებაში გაუჯდათ ავდმყოფური ძალაუფლების შენარჩუნების მანია, რომელიც გამოიხატება ნებისმიერი მეთოდით ძალაუფლების შენარჩუნებაში. სამწუხაროდ ყველაფერ ამას  მივყავართ სრულ დიქტატურამდე.                                                                                                                            
     კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ჩვენი ქვეყანა ასეთ მმართველობას და პროპაგანდას ძნელი სათქმელია. მას ვერ უშველის „ღარიბის პოლისი“ და დაზღვევა. მას ვერ უშველის ფასადური დემოკრატია. ვინც გამდიდრდა ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ის უფრო და უფრო მდიდრდება, ხოლო ვინც ღატაკია უფრო ღატაკდება. ვინც- ხელშეუხებელია,  კანონისთვის უფრო მიუწვდომელი ხდება.  სასამართლო, პროკურატურა, ხელისუფლება, მედია  და ბიზნესი ერთმანეთს შეერწყა, რომელიც  დღევანდელი მმართველობის სტილი და  განუყრელი ნაწილი გახდა. არჩევნების მოახლოვებასთან  ერთად მმართველი გუნდი,  როგორც მგლის ხროვა უფრო ორგანიზებული და დაუნდობელი ხდება.
    სასამართლო-რომელიც კაცობრიობის სიმართლისა და დანაშაულის საზომია,  უნდა იყოს: დამოუკიდებელი, ხელშეუხებელი და თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებაში.  სასამართლო განაჩენი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ სახელმწიფოში დგება ეს განაჩენი. ერთი და იგივე ქმედებისთვის სხვა და სხვა ქვეყანაში შეიძლება ადამიანი დაისაჯოს  სხვა და სხვა სასჯელით მათ შორის დახვრეტით ან მუდმივი პატიმრობით.  მაგრამ შეიძლება იგივე ქმედებისთვის არც კი დაისაჯოს და ზოგიერთ ქვეყანაში გმირიც კი გახდეს.  როგორი ჭრელიცაა საზოგადოება იმდენად ჭრელია სასმართლო განაჩენი.  მაგრამ ყველაზე ცუდია, როცა სასამართლო განაჩენი დგება კონკრეტული პიროვნებების ნებით,  ან  პირთა ჯგუფის  ინტერესებიდან გამომდინარე,  კერძოდ ერთი და იგივე სახელმწიფოში,  ერთი და იგივე ქმედებისათვის (დანაშაულისთვის)   სხვა და სხვა განაჩენის გადაწყვეტილების მიღება მოსამართლის მიერ, მასზე ზემდგომი ჩინოვნიკის მითითებით, ან მოსამართლის სურვილით ჩინოვნიკის საამებლად. ასეთი ქვეყანა  არ შემდგარი  დიქტატორული  სახელმწიფოა. რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს ასეთი ქვეყანა გვაქვს ჩვენ დღეს და მას ჰქვია-საქართველო. უბრალო გლეხურ ენაზე რომ ვთქვათ, პრეზიდენტის შვილისთვის სხვა კანონია, დეპუტატის შვილისთვის სხვა კანონი და გლეხის შვილისთვის სხვა კანონი.
     ქართველებმა  უნდა ვისწავლოთ ღვთის რწმენით, ქრისტიანულად და სამშობლოს სიყვარულით ცხოვრება.  გავიგოთ ერთხელ  და სამუდამოდ:  ფული არ არის ის, რაც სიყვარულს მოგვიტანს  და  ფული არ არის ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება. თანამდებობა არ არის ის, რაც ღირსებას შეგვმატებს.  მექრთამეობით ვერ გავაძღობთ ცოლ-შვილს. სხვისი დაშინებით ვერ მოვიპოვებთ სიმშვიდეს.  კაცობა არ იზომება ჩაცმულობით. დიპლომი არ ნიშნავს ცოდნას, ცოდნა კი-სიბრძნეს.  ეკლესიაში სიარული არ ნიშნავს -მორწმუნეს.  ანაფორაში ჩაცმული კაცი არ ნიშნავს წმინდანს. ნუ ვიქნებით ფარისეველნი, ძუნწი, შურიანი, კაცთმოძულე და ქედმაღალი. ნუ გვგონია ისე, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით და სიმართლე ყოველთვის ჩვენს მხარესაა. ასე მხოლოდ დღევანდელი  საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს. მათ მინდა ვუთხრა: „სოკრატემ ის იცოდა, რომ არაფერი არ იცოდა და თქვენ გგონით, რომ ყველაფერი იცით“?, გონს მოეგეთ და მიხვდებით:  ვის და რას ემსახურებით. თქვენ იმდენ ადამიანს წაართვით და გაუმწარეთ ცხოვრება, რომ  ვშიშობ მათმა  გამწარებულმა შვილებმა არ იძიონ შური თქვენს შვილებზე.  ეს კი ჩვენი ერისთვის ტრაგედია იქნება, ხოლო ამ ყველაფრის მიზეზი -თქვენი გაუმაძღარი მუცელი.  გეყოფათ  სხვის სახელებზე გადაფორმებული საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეთები, სავაჭრო ცენტრები  და ა.შ.   შეჩერდით,  სანამ თქვენივე დამკვიდრებული დიქტატურა გაგანადგურებდეთ.  მიეცით ხალხს თავისუფლად არჩევნების ჩატარების უფლება.
    დღეს  უნდა შევძლოთ, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს  ურთიერთ მიტევება, ერთმანეთისადმი შეცდომების  პატიება. არ დავუშვათ  ისეთი შეცდომები, რომელიც ჯოჯოხეთის გზამდე  მიგვიყვანს პირადად ჩვენ და ჩვენს სამშობლოს. ჯოჯოხეთის გზას  რომ ავცდეთ საჭიროა სიყვარულით ცხოვრება. ოჯახისა და  სამშობლოს სიყვარული. მეზობლის, მეგობრის,  მოწინააღმდეგის სიყვარული,  აღსარება და მონანიება, დანარჩენი კი,- ალბათ ღვთის ნებაა. საქართველო წამოდგება და გაერთიანდება,  მთავარია-ჩვენ წამოვდგეთ, დავძლიოთ შიში,  და გაგვიჩნდეს თავისუფლების, უკეთესი ცხოვრების მოთხოვნილება. თუ ჩვენ შევეგუებით იმას რასაც მივაღწიეთ და არ ვიბრძოლებთ უკეთესი მომავლისთვის, დავკარგავთ იმასაც რაც გვაქვს. 
     რაც შეეხება ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებულ ხმაურს მის ქონებასთან დაკავშირებით , მინდა განვმარტო: ქონება, სიმდიდრე, ძალაუფლება,- მაშინაა დანაშაულებრივი, როცა ის მიტაცებით, მოტყუებით ან  თანამდებობრივი  მდგომარეობის  გამოყენებითაა  მოპოვებული. ხოლო ქონება, სიმდიდრე,  რომელიც მოპოვებულია კანონიერი გზით და ემსახურება არა ტერორიზმს, არამედ ხალხს, უმრავლესობას და კაცობრიობის წინსვლას, ეს ქონება რა მასშტაბებისაც არ უნდა იყოს-ის მისასალმებელია და მას სახელმწიფო არ უნდა ძარცვავდეს , არამედ- იცავდეს. 
    რაც შეეხება პიროვნებათა  დანიშვნას  მაღალ საჯარო თანამდებობაზე,  ყურადღება უნდა მიექცეს მის გვარიშვილობას. ასევე მის მიერ უკვე გავლილ გზას და საქმიანობას. მის დამოკიდებუულებას სახელმწიფოსთან მიმართებაში. გვარიშვილობაში ნაგულისხმევია არა მისი გვარის წარმოშობა არამედ მისი პირდაპირი წინაპრების და ოჯახის წევრების ზნეობრივი ცხოვრება და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება.
    ჩვენ ვერ მოვითხოვთ ყველასგან გმირობას.  არსებებს ადამიანთა მორჩილი კატეგორია , რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას ემსახურება. ეს მორჩილება შეიძლება  გამოწვეული იყოს,  როგორც ბუნებრივი მოთხოვნილებით ასევე არამებრძოლი, მორჩილებისადმი მიდრეკილ ადამიანთა ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ან თავის გამორჩენის მიზნით და კარიერისადმი მიდრეკილებით.  ისინი მზად არიან ემსახურონ ნებისმიერ ზნეობრივ, თუ უზნეო ხელისუფლებას. მათ არ აწუხებთ, რომ  ზედმეტი კანონმორჩილება იწვევს ხელისუფლების უზურპაციას და ეს ზედმეტი კანონმორჩილება -  დანაშაულის ტოლფასა. არავის მოვუწოდებ ანარქიისკენ მაგრამ, როდესაც ხედავ რომ ხელისუფლება კორუფციული, უზნეო და ანტისახელმწიფოებრივია, მაშინ გაჩუმება მონის უღლის დადგმაა საკუთარ თავზე.  ეს მათი არჩევანია.
      ასევე არსებობს ადამიანთა მებრძოლი კატეგორია, რომელისთვისაც ზნეობრივია თუ უზნეო ხელისუფლება ორივე მიუღებელია. ეს კატეგორია მოითხოვს ყოველდღე ახალს, უკეთესს და ხელისუფლების მუდვივ შეცვლას.   შეცვლას კონსტიტუციური გზით და არა აჯანყებით და რევოლუციით.  ეს კატეგორიაა ქვეყნის ოქროს საუნჯე, რომელსაც ნებისმიერი  სახელმწიფო უნდა უფრთხილდებოდეს. ამ კატეგორიას მიყავს ცივილიზაცია წინ. თუ ამ კატეგორიის განადგურებას შეეცდება ხელისუფლება ის ხდება დიქტატორული,  ვინაიდან მას სურს არა ცვლილებები, წინსვლა,  განვითარება სახელმწიფოსი და საკუთარი ხალხის, არამედ მას სურს საკუთარი ძალაუფლების და საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნება . ასეთი ხელისუფლება- განწირულია.
    ადამიანი,  რომელიც გონიერია და ფიქრის უნარი გააჩნია ის არასდროს არ უნდა გახდეს ბრბოს ნაწილი. ის ყოველთვის განზე უნდა დადგეს ბრბოსგან და ნებით,  თუ უნებლიედ ამ ბრბოსთვის დაკვირვების ელემენტი გახდება.   თუ გინდა ბრბო გონიერი გახდეს და ადამიანის იერსახე მიიღოს, მას მართლა არასდროს არ უნდა შეუერთდე  და მათ უნდა მისცე შენი ცხოვრებისეული მაგალითი , დაგაკვირდნენ, ისწავლონ, ნახონ განსხვავება და   მოგბაძონ.
     მე,  ასეთი ქმედებისკენ  მოვუწოდებ ყველა ადამიანს,  რომელიც თვლის, რომ ის მონა არ არის. ხალხნო, ნუ შეეგუებით უსამართლობას. ნუ დადგებით მაყურებლის როლში.
     ხსნა ერთშია. უნდა დავიბრუნოთ -მე. უნდა დავიბრუნოთ- რწმენა. უნდა დავიბრუნოთ- იმედი. უნდა გავერთიანდეთ და უფრო შევიყვაროთ ერთმანეთი. უნდა ავისხათ გმირის აბჯარი და მოვემზადოთ საქართველოს  გასაერთიანებლად. დავეხმაროთ  ერთმანეთს   მონის უღლის გადაგდებაში და    ილუზიური, ვირტუალური სამყაროდან დავბრუნდეთ- ჭეშმარიტ, რეალურ ცხოვრებაში.  ნუთუ არ დაიღალეთ პიარის რეჟიმში ცხოვრებით?.
    ასევე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. თქვენ დღევანდელმა ხელისუფლებამ გაგხადათ პოლიტიკური მძევლები და აგკიდათ ის დავალება,  რომელსაც კონსტიტუციით და კანონმდებლობით არ უნდა ასრულებდეთ. თქვენ კანონმდებლობით არ უნდა იყოთ დაკავებული  ოპოზიციაში მყოფი  პოლიტიკური  პარტიების დევნით და მათი მხარდამჭერების დაშინებით. მრავალი თქვენგანი განიცდის სინდისის ქეჯნას, მაგრამ ვერ ხედავთ გამოსავალს, ვინაიდან პოლიციაში და საჯარო სამსახურში მოსამსახურეთა  99,9 % გაგაჩნიათ სხვა და სხვა ბანკების საკრედიტო ბარათები და ვადაგადაცილებული კრედიტები, რომელშიც მიდის თქვენი ხელფასის უმეტესი ნაწილი. სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში კი გელით სრული გაბანკროტება.  ასეთი მეთოდით დაჭერა ადამიანების არ არის ახალი და ის  თავიდან იდო, როდესაც თქვენთან სამსახურში მოდიოდნენ სხვა და სხვა ბანკის წარმომადგენლები და გთავაზობდნენ, გეხვეწებოდნენ აგეღოთ ვითომ დაბალპროცენტიანი  საკრედიტო ბარათები. საქართველოში არის ორჯერ-სამჯერ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები და საჯარიმო სანქციები  ვინემ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყნებში. თქვენ მუშაობთ, ხელფასის უმეტესი ნაწილი კი მიაქვს ბანკს, რომლის მესაკუთრეც ჩინოვნიკია, ან ჩინოვნიკის და, ძმა, ნათესავი.  დღევანდელ საქართველოში  ბანკები-  ჩვენი მტერია და არა განვითარების და კეთიდღეობის ხელშემწყობი. გასაჩივრების შემთხვევაში ვერაფერს მიაღწევთ, ვინაიდან სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ის დამოკიდებულია ბანკის მეპატრონის ძმაზე და ნათესავზე, რომელიც ჩინოვნიკია. წრედი შეკრულია არა სამართლიანობისთვის არამედ უსამართლობისთვის და ჩინოვნიკთა გამდიდრებისთვის. ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში გადაიხედება კანონი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს ბანკებსა და კლიენტებს შორის, ასევე იმ პოლიციელებს და საჯარო მეხელეებს ვინც დაკარგავენ სამუშაოს დანაშაულებრივი ბრძანების არ შეუსრულებლობისათვის ,  მიეცემათ სრული კომპენსაცია ფონდი „ქომაგი“-სგან, რომელიც დააფუძნეს: ია მეტრეველმა, მარინა ჯანაშიამ, კოტე ჯანდიერმა და ლევან გორდეზიანმა.  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი აღდგებიან  შესაბამის სტრუქტურებში.  გადაწყვეტილების მიღება თქვენზეა დამოკიდებული.  ასევე მინდა შეგახსენოთ: ის დიქტატურა, რომელიც დღეს არის, მან შეიძლება ხვალ ცხვირი თქვენს შვილებსაც წაატეხიოს რათქმა უნდა ჩვენს შვილებთან ერთად. ამიტომ, თუ არ გინდათ, რომ ეს ასე მოხდეს გთხოვთ, ხელს მაინც ნუ  შეგვიშლით.
    მარტვილში  არის -მეგრული სული, ხოლო სამეგრელო- არის საზომი ქართული სახელმწიფოებრიობის.  მეგრელთა გვარების 80% სწორედ რომ მარტვილიდანაა. ასე რომ მარტვილში გადის მეგრელთა წინაპრების ფესვები. მარტვილი უდიდეს როლს თამაშობდა საქართველოს ისტორიაში არამარტო გიორგი ჭყონდიდელისა და დავით აღმაშენებლის დროს, არამედ მანამდის და მას შემდეგაც. მარტვილმა საქართველოს აღუზარდა მრავალი პატრიოტი. მარტვილმა დროა დღესაც შეასრულოს თავისი მისია და ითამაშოს წამყვანი როლი საქართველოში დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ჩემის  აზრით, მარტვილში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭი უნდა იყაროს, როგორც სახელმწიფოს მომავალმა პირველმა პირმა- ირაკლი ალასანიამ.
    რატომ ირაკლი ალასანია? ირაკლი- არის სულით ხორცამდე ქართველი და პატრიოტი. მას შეუძლია ცხოვრება გასწიროს და მოკვდეს  საქართველოს კეთილდღეობისთვის.  მან, ეს დაამტკიცა  მაშინ,  როცა ის ჯერ კიდევ 15-16 წლის ასაკში იბრძოდა მამის გვერდი-გვერდ აფხაზეთში.  მამამისი, მამია ალასანია კი,- გმირულად მოკვდა სხვა  ქართველებთან ერთად სოხუმის დაცემის დღეს. 
    ირაკლის გააჩნია პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება სახელმწიფო და საერთაშორისო სტრუქტურებში.  ის,  ბოლომდის იცავდა საქართველოს ინტერესებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. მან როგორც კი შეამჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება მიდის არასწორი გზით,  ხდება დანაშაულებრივი და მას არ სურს ამ გზიდან გადახვევა, ის განუდგა მათ და გადავიდა ოპოზიციაში.  მან უარი თქვა კეთილდღეობაზე და აირჩია ეკლიანი გზა. ეს  გმირობის ტოლფასია, ვინაიდან ქართველ ჩინოვნიკთა 90%-მა იცის რომ საქართველო მიდის არასწორი გზით, ის მიდის დაღუპვისკენ, მაგრამ თავიანთი ინტერესებიდან, კეთილდღეობიდან გამომდინარე რჩებიან ადგილზე, რითაც ხდებიან თანამონაწილე   საქართველოს გადაშენების პროცესების.
     მინდა მივმართო მარტვილელებს და ვკითხო: არ მოგძულდათ არაფრის მთქმელი,  უტყვი, ხელის ამწევ-დამწევი დეპუტატების არჩევა?.  არ მოგძულდათ  არჩევა დეპუტატების, რომლებიც მარტო იმიტომ ხდებიან დეპუტატები, რომ ძარცვონ მარტვილი,  მიისაკუთრონ კაპიკებში შენობა-ნაგებობები, მიწის ნაკვეთები, კარიერები, ფაბრიკები,  სავაჭრო ცენტრები და ყველა სასიცოცხლო ობიექტები. ან,  იქნებ დამისახელოთ რომელიმე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც დაეხმარა რომელიმე დამწყებ ბიზნესმენს წარმოების გახსნაში, ხალხის დასაქმებაში  და ბიზნესის წილში ჩაჯდომა არ მოითხოვა? დამისახელეთ დეპუტატი რომელიც პროგრამით მოვიდა, თუ როგორ განავითაროს მარტვილში სოფლის მეურნეობა, ადგილმრეწველობა და როგორ დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა?.
     ასეთი დეპუტატი ჯერ არ გვყოლია და ვინც არ უნდა წამოაყენოს დღევანდელმა ხელისუფლებამ თავიანთ წინამორბედებზე უკეთესი ვერ იქნება. რატომ? იმიტომ რომ მაჟორიტარი დეპუტატი თავისუფალი უნდა იყოს ქმედებებში და მან თავისი რაიონი, როგორც პატარა სახელმწიფო უნდა გამოაჩინოს, დაიცვას და ყველაფერი გააკეთოს მისი ეკონომიკური განვითარებისთვის და არა მასში უკვე არსებული ეკონომიკური ბერკეტების ხელში ჩაგდებისთვის. ის უნდა ემსახურებოდეს რაიონის ინტერესებს  და არა ჩინოვნიკების ინტერესებს. მას უნდა ესმოდეს, როგორც მისი მხარდამჭერების, ასევე მისი მოწინააღმდეგეების გასაჭირი და უნდა იყოს მათ გვერდით. როგორი პატიოსანი პიროვნებაც არ უნდა მოძებნოს  ხელისუფლებამ დეპუტატობის კანდიდატად,  ის ვერ შეცვლის რაიონში ვერაფერს, ვინაიდან თვით ხელისუფლებაა დანაშაულებრივი და მისი კანდიდატი ვერ იქნება დადებითი. დეპუტატს იმდენი მორალი მაინც უნდა გააჩნდეს, რომ სიმართლე უთხრას თავის ამომრჩეველს და თუ,  ჩინოვნიკთა ჯგუფი  არასწორად იქცევა ამაზე ხმა აიმაღლოს.
     ირაკლი ალასანიას და მის გუნდს, გააჩნია როგორც საქართველოს, ასევე მარტვილის განვითარების გეგმა, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ადგილობრივი საბადოების, მადნებისა და წიაღისეულის  მოპოვების,  მისი   გადამუშავების  მარტვილის ტერიტორიაზე, რათა  მოხდეს რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და   ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითრება.  საბანკო სისტემის მორგება ფერმერული მეურნეობების  ჩამოყალიბებაში შეღავათიანი სესხებით და უპროცენტო სესხებით  სახელმწიფოს  სუფსიდირების ხარჯზე. არსებული სესხების რექსრუქტურიზაცია და საპროცენტო განაკვეთების შემცირება.
      მარტვილის საეკლესიო-სამონასტრო ძეგლები, უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და კურორტ ლებარდე  გახდება  ტურისტული ინფრსტრუქტურის ერთ-ერთი მომგებიანი დასაქმების წყარო. მარტვილში არ იქნება უმუშევარი მისი პოტენციალური ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.  ჩვენ ყველაფერ ამას რეალობად ვაქცევთ,  თუ  მოვახერხებთ ცვლილებების განხორციელებას. ამ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გაშვებას და ხელისუფლებაში პატრიოტული ძალების  მოყვანას.
      მე,  რამდენიმეჯერ განვაცხადე, რომ პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ საეკლესიო საქმეებში და თვით ეკლესია მოუვლის ამ ხელისუფლების მიერ გაბერებულ და გამეუფეებულ საეკლესიო პირებს. ასევე ვფიქრობ საეკლესიო პირებიც ანალოგიურად უნდა იქცეოდნენ, მაგრამ ამას ვერ მოსთხოვ იმ პირებს ვინც ხელისუფლების ხელდასმით მოგვევლილნენ საეკლესიო პირებად. მინდა წაჩხურუს ეკლესიის მოძღვარს შევახსენო, რომ ის ეკლესია სადაც ის მოღვაწეობს ჩემი წინაპრების ოფლით არის ნაშენები და მათ შორის ყველა წაჩხურუს, ჭაჭახის, ვახას და ნობულევის  მოსახლეობის წინაპრის ოფლით და ვთხოვ მის მიერ მოწყობილ ტრაპეზებს  ნუ გახდის პოლიტიკურ მოედნად და ვინმეს საგინებელ,  საჭორაო ადგილად. ხოლო მის მონაწილე საერო პირებს ვაფრთხილებ, სანამ აღსარებას ჩააბარებდეთ დაფიქრდით, რომ ის არ იქნეს გამოყენებული თქვენს წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე. მამაო ...,  გთხოვ მაგალითი აიღო ღირსეული მამებისგან. ასევე მამა გაბრიელისგან, რომელმაც თავისი ანდერძი ასე დაასრულა:  „ჭეშმარიტება- სულის უკვდავებაშია“.  არა მგონია მამაო,  სულის უკვდავებას ჭორიკნობაში და სხვის დაბეზღებაში  მიაღწიოთ. მაპატიეთ  და მომიტევეთ თუ შეგცოდეთ. თქვენ  და თქვენისთანების მფარველობაში  მყოფმა ვაი ბიზნესმენებმა, რომ  არ იჭორაოთ ამ პრობლემას მე მოგიხსნით და გეტყვით: „მე-თქვენზე უფრო ცოდვილი ვარ. მე,   ჩემს ცოდვებს მხრებით  ვატარებ და ვცდილობ მოვინანიო, შევიმსუბუქო ლოცვით და ჩემი ქცევებით. მე,  არ მეშინია მეორედ მოსვლის და განკითხვის. პირიქით, მე ამ დღეს მოუთმენლად ველოდები, რომ წარვსდგე ღმერთის წინაშე და განმკითხოს მხოლოდ მან. მე მჯერა, რომ ღმერთი ჩემშია. ვცხოვრობ და ვაკეთებ ყველაფერს სიყვარულით და არა სიძულვილით. მე ადამიანი ვარ და ყველაფერი კარგად არ გამომდის. არ გამომდის  მიტომაც, რომ ამ ქვეყნად ეშმაკიც არსებობს.  მე,  არ ვარ ანგელოზი და ღრმად გათვითცნობიერებული ეკლესიურ ცხოვრებაში, მაგრამ ვიცი ხშირად ვცოდავ. მიტომაც ვამბობ: „მე ვარ თქვენზე უფრო დიდი  ცოდვილი“.
  მე გეკითხებით: - თქვენ?
     P.S. ირაკლი ალასანია  პირველად გაიგებს ამ შემოთავაზებას. გადაწყვეტილება კი,- მისი და კოალიციაში შემავალი პარტიების მისაღებია. ვფიქრობ ის ყველაზე ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატი იქნება მარტვილისთვის.
    მე, სპეციალურად არ ვასახელებ მამაოს და მისი გარემოცვის სახელებს და გვარებს. მე არ მსურს ამ თემას დავუბრუნდე. მინდა დავივიწყო და ვთხოვო ამ ტრაპეზების მონაწილეებს: მოიშორეთ სიძულვილი და   ნუ გექნებათ ამ ხელისუფლების  მარადიულობის იმედი. იცხოვრეთ თქვენი კაცობით, მოეფერეთ მეზობლებს,  ზემოდან ნუ უყურებთ  თქვენზე უფრო სუსტებს  და ღარიბებს. თქვენი დღევანდელი მფარველები გაქრებიან  და მერე ცოდვები დარჩებით. ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ-ეს ქვეყანა ყველასია. არ მოინდომოთ მისი გადაყლაპვა თორემ,- გაგეჩხირებათ.
   ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. 
ზურაბ ბიგვავა

No comments:

Post a Comment