გვერდი

Friday 1 June 2012

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები დაშინებაზე საუბრობენ


    გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამაშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და დაშინებას ეხებაგანცხადებაშია ნათქვამირომ იმისმიუხედავადრომ არაერთხელ მკაფიოდგამოხატეს პოზიცია მინისტრ დიმიტრი შაშკინისგადაწყვეტილებასთან დაკავშირებითბოლოდღეებში განვითარებულმა მოვლენებისა და ხშირშემთხვევაშიგავრცელებულმა არაობიექტურმა ინფორმაციამ კიდევ ერთი განმარტების გაკეთება აიძულათ.
      „სამსახურის დატოვება იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და პასუხი მინისტრის სრულიად დაუსაბუთებელ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაზე, მის პოლიტიკასა და ქმედებებზე. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ მოსაზრებებს. ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იქნება ამ ნაბიჯს მიღმა პოლიტიკური მოტივების ძიება“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში.   

     მათივე თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი მუდმივად ემსახურებოდა სამართლიანობასა და ობიექტურობას და ქმნიდა კორუფციისგან თავისუფალ სისტემას. თუმცა, როგორც ჩანს, ამ პრინციპებთან შეუთავსებელი აღმოჩნდა მინისტრის პოლიტიკა, რის დასტურადაც ყოფილი თანამშრომლები მიუთითებენ შაშკინის მცდელობებს, უხეშად ჩარეულიყო ცენტრის მუშაობაში. სწორედ ასეთ ფაქტებს ეწინააღმდეგებოდა კატეგორიულად გამოცდების ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი.
     გამოცდების ეროვნულის თანამშრომლები ამის კარგ მაგალითად სამინისტროს მიერ ცენტრისთვის მიწოდებული ცვლილებების პროექტს მიიჩნევენ, რომელიც კომისიას აპელაციების შედეგების გადახედვის უფლებას აძლევდა ნაშრომებზე სახელისა და გვარის ღიად მითითებით. „ცხადია, რომ ასეთი ცვლილება, რომელიც ნაშრომთა ანონიმურობის პრინციპს ეწინააღმდეგება, მარტივად იძლევა ქულებით გამიზნულად მანიპულირების შესაძლებლობას. ცვლილების ამ პროექტს კატეგორულად არ დაეთანხმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და მთელი კოლექტივი“, - ნათქვამია განცხადებაში. 
    ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მინისტრის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გარემოება გახდა. მათივე განმარტებით, რჩებიან საჯარო სივრცეში, თუმცა საჯარო სამსახურის გარეთ. ცენტრის ყოფილი თანამშრომლები სამინისტროს განათლების პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიასაც სთავაზობენ, როგორც თანასწორის და არა როგორც დაქვემდებარებულის როლში. 
      „გარწმუნებთ, რომ ჩვენ, ისევე, როგორც მაია მიმინოშვილი, ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებაში. ეს არის საქმე, რომელსაც ბევრი ენერგია შევალიეთ და სამსახურის დატოვების შემდეგაც მზად ვართ ხელი შევუწყოთ გამოცდების უხარვეზოდ ჩატარებას. ასევე გვსურს, საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების ყურადღება მივაპყროთ იმ გარემოებას, რომ სამსახურიდან წამოსულ თანამშრომლებზე ხორციელდება ზეწოლა და დაშინება. მივიჩნევთ, რომ განსაკუთრებული რისკებისა და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი. სწორედ ამიტომ უფლებადამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერას ვითხოვთ. ასევე, კატეგორულად მოვითხოვთ სასწრაფოდ და საჯარო წესით განემარტოს საზოგადოებას, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მინისტრის მოუწესრიგებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რატომ გაატარა მან ფუნდამენტური საკადრო ცვლილება ზუსტად გამოცდების მსვლელობის დროს, 28 მაისს“, - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების განცხადებაში.

No comments:

Post a Comment