გვერდი

Monday 28 May 2012

ჯონ ბასი ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებსა და სასჯელაღსრულების სისტემის ხარვეზებზე საუბრობს


საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრობს. როგორც ელჩი გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, მოსაზრებები საქართველოში მისი ყოფნის სამწლიანი პერიოდის დაკვირვებას ეფუძნება. ჯონ ბასის შეფასებით, სამწუხაროდ, მედია ქვეყანაში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაციის დამატებითი ნაწილია.
 "ძალიან ხშირად მედიაგამოცემები იძულებულნი არიან, მიეკედლონ ამა თუ იმ პოლიტიკურ სპექტრს და შედეგად, ხალხის თვალში, ისევე, როგორც ქვეყნის გარეთ და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებში, კონკრეტული მედიასაშუალებები ასოცირდებიან კონკრეტულ პოლიტიკურ შეხედულებებთან. ვფიქრობ, ძალიან ხშირია ისეთი სიტუაციები, როდესაც ოფიციალური პირები ჟურნალისტების ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და მათ ღონისძიებებზე დასწრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ იმის მიხედვით, თუ ინდივიდუალური მედიაგამოცემები რომელ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდებიან", - აცხადებს ჯონ ბასი.

 ელჩის აზრით, მნიშვნელოვანია, მედიასაშუალებებს საჯარო შეხვედრებსა და ღონისძიებებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ენიჭებოდეთ და გარანტირებულად გამოირიცხოს შერჩევითობის შემთხვევები.
 ჯონ ბასი სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემებში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროგრესის მიუხედავად, სასამართლოს კიდევ აქვს გზა გასავლელი, ვიდრე ინსტიტუციურად დამკვიდრდება მთავრობისთვის შესაძლო დისკომფორტის შემქმნელი გადაწყვეტილებების მიღების ფილოსოფია.
 რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ელჩის განმარტებით, ახალ ციხეებში უკეთესი პირობებია, თუმცა არსებობს ისეთებიც, რომლებიც ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს საგრძნობლად ჩამოუვარდება.
 "ჩემი აზრით, როდესაც პენიტენციალურ სისტემაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება, ეს ოფიციალური პირების შეშფოთების საგნად უნდა იქცეს. მათ უნდა უნდოდეთ იმის გარკვევა, რატომ ხდება ეს და გულახდილად რომ გითხრათ, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ ყურადღება უნდა დაიმსახუროს პარლამენტის წევრებისგანაც, თუ რატომ მიდის ეს სფერო ამ მიმართულებით და ვისურვებდი, სახალხო დამცველის ანგარიშს დამატებითი განხილვები და პოტენციურად კანონმდებლური რეაქციაც მოჰყოლოდა", - აღნიშნავს ჯონ ბასი.
 ელჩი არჩევნების კონკურენტუნარიანობის საკითხსა და ინფორმაციაზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობასაც ეხება. 

 წინასაარჩევნო კონკურენტული გარემოს ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ჯონ ბასი "მასთ ქერის" პრინციპის დანერგვას მიიჩნევს, რომელიც მაუწყებლებს ყველა არხის ჩართვას ქსელში ავალდებულებს, იმის განურჩევლად, იზიარებენ თუ არა ეს არხები ინდივიდუალურ პოლიტიკურ ორიენტაციას.




IPN.ge

No comments:

Post a Comment