გვერდი

Wednesday 30 November 2011

ივანიშვილის აისი სააკაშვილის დაისის ფონზე



   ქართულ პოლიტიკურ „ტატამზე“ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა საქართველოს ხელისუფლებისთვის თავზარდამცემი მოულოდნელობა იყო, რომელიც ქარიშხალივით დაატყდა და პოლიტიკურ აგონიაში ჩააგდო. მიუხედავად გასული წლების პოლიტიკური კატაკლიზმებისა და მრავალათასიანი მიტინგებისა ძალაუფლების დაკარგვის ასეთი რეალური საფრთხე მას არასოდეს დამუქრებია. ვინაიდან ივანიშვილის სახით ფინანსურად ძლიერი და რაციონალური პოლიტიკური ხაზის გამტარებელი პიროვნება დაუპირისპირდა, რომლის დაძლევაც ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება.
    ხელისუფლებისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება საშიშია არა მარტო იმიტომ, რომ მას აქვს ბევრი ფული, არამედ ივანიშვილს შესწევს უნარი მმართველ გუნდს გამოაცალოს ყველა ის რესურსი, რომელიც სააკაშვილის ერთპიროვნული ძალაუფლების უსაფრთხოებას განაპირობებს. კერძოდ, პროდასავლურ

ძალებთან _ ალასანიას გუნდთან (თავისუფალი დემოკრატები) და რესპუბლიკელებთან, ალიანსის შექმნით შეუძლია დასავლეთის მხარდაჭერა 180 გრადუსით თავისკენ შემოაბრუნოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, და დასავლეთის მეშვეობით აიძულონ სააკაშვილი ჩამოშორდეს პოლიტიკურ სადავეებს; ივანიშვილი ცდილობს ჩამოაყალიბოს ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ხელისუფლების შესაცვლელად იქნება მოწოდებული, მანამდე კი სააკაშვილის აბსოლიტურ ძალაუფლებას დააბალანსებს და საზოგადოებასაც მიეცემა სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება; ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით საზოგადოებას დაუბრუნდა რწმენა, რომ არჩევნებით შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილების მიღწევა. გარდა ამისა, ივანიშვილის თამამ ნაბიჯს შესაძლოა მიბაძოს საქართველოში მოღვაწე სხვა ქართველმა ბიზნესმენებმა, რომლებსაც წლებია მმართველი რეჟიმი ფულს სძალავს, შეუწყვიტონ ხელსუფლებას დაფინანსება.
     ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის, იმ რეალობისთვის, რომელიც „ნაციონალურამა“ ხელისუფლებამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შექმნა:  არაკონკურენციული გარემოს, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის არარსებობა. მეტიც, სააკაშვილმა მოახერხა ოპოზიცია უსუსურ და პოლიტიკურად გაკოტრებულ დაჯგუფებებად  ექცია, რომელიც საზოგადოებისვის ტვირთი უფროა, ვიდრე იმედისმომცემი პოლიტიკური ძალა. ივანიშვილი კი თავისი პიროვნული და მძლავრი ფინანსური რესურსებით გახდა ის ფაქტორი, რომელმაც  საზოგადოებას პოლიტიკური ცვლილებების რწმენა დაუბრუნა და სათავე დაუდო პოლიტიკური სტაგნაციის დაძლევას.
       ყველა ანალიტიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ „ნაციონალურ“ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის მსგავსი კონკურენტი ჯერ არ ჰყოლია, რადგან მას, გარდა მძლავრი ფინანსური რესურსებისა, პიროვნული რესურსი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ერთად აღებულ მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“. გარდა ამისა, რაც ყველაზე მეტად უშლის ნერვებს სააკაშვილს, ის არის, რომ ივანიშვილი არ არის ორიენტირებული ქუჩისკენ და რადიკალური მეთოდებით ხელისუფლების ცვლილებისკენ. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ რევოლუციის გზით პოლიტიკურ პროცესებს არ წაიყვანს: „ძალიან მეშინია, ქუჩის აქციები არ დაიწყოს, რაც ამათ აწყობს. არ უნდა ვითამაშოთ მათი თამაში. როგორმე არჩევნებამდე უნდა მივიდეთ... სიტყვა „რევოლუციის“ გაგონებაც არ მინდა და არც სიტყვა „ქუჩის“ ხსენება მინდა. ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის პირველი პრეცედენტი უნდა შევქმნათ. ეს ერთ-ერთი დიდი წარმატება იქნება“.
  აქცია და საპროტესტო გამოსვლა დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ქუჩას პოლიტიკური პრინციპულობა და ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება. ჩვენი ოპოზიციის „პოლიტიკური პრინციპულობა“ და მისგან გამოწვეული სავალალო შედეგები ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში, ხოლო ფინანსები ამ ეტაპზე მხოლოდ ივანიშვილს აქვს და ისიც „საქართველოს მოქალაქე“ არ არის. შესაბამისად მისი ფულით აქციების დაფინანსება კანონდარღვევად ჩაითვლება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი შეიძლება გახდეს. აი სწორედ ეს უნდა ხელისუფლებას.
   ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარირებული პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგია სწორი და გამართლებულია, თუმცა სააკაშვილისთვის _ არახელსაყრელი, რადგან ივანიშვილის ქუჩაში გაყვანას თუ ვერ შეძლებს, დასავლელ პარტნიორებს ვერ ეტყვის, რომ ის მარგინალი, კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მებრძოლი „რუსეთის აგენტია“ და მის მიმართ მკაცრი ზომების გატარებას სახელმწიფო ინტერესების დაცვა მოითხოვს. მაგრამ, თუ ამას მიაღწევს, მაშინ შეეცდება მის დაპატიმრებას ან ქვეყნიდან გაძევებას, როგორც ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა. ამიტომაც ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლისა და რეპრესიების მიზანს წარმოადგენს ივანიშვილის რაციონალური პოლიტიკიდან ქუჩის პოლიტიკაზე გადაყვანა, რის მიღწევაც, დიდი ალბათობით, ხელისუფლებას გაუჭირდება.
      ამ რეალობას კარგად აცნობიერებენ მმართველი ძალის წარმომადგენლები და მათ მიერ კონტროლირებადი „ნაციონალური“ ტელეარხების მეშვეობით ცდილობენ ივანიშვილის დისკრედიტაციას, მისი როგორც მორიგი „რუსული პროექტის“ წარმოჩენით. თუმცა „ნაცპროპაგანდისტებმა“ კარგად უნდა იცოდნენ, რომ „კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანს“ და ეს განზრახვა მარცხისთვის არის განწირული.
  მიუხედავად მცდელობისა სააკაშვილი და მისი პროპაგანდისტული მანქანა ივანიშვილის დემონიზებას ვერ მოახერხებს, დიდი ძალისხმევის შედეგადაც ვერ შეძლებს საზოგადოების თვალში მისი როგორც სახლელმწიფოსთვის მთავარ საფრთხედ წარმოჩენას. მითუმეტებს გაუჭირდებათ საზოგადოება დააჯერონ, რომ ივანიშვილი „რუსული პროექტია“ და კრემლიდან იმართება, რადგან ეს უკვე გაცვეთილი ფრაზებია და მსგავსი ტიპის იარლიყები უკვე დიდი ხანია ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების „სინონიმად“ არის ქცეული.
    სააკაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვიტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არაადეკვატური, უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი იყო, რომელიც უპირველესად ძალაუფლების დაკარგვის შიშით იყო ნაკარნახევი. ვინაიდან სააკაშვილს ეგონა რომ მოქალაქეობის ჩამორთმევით მისი პოლიტიკური პროცესებისგან გამოთიშვას მოახერხებდა და ამით შიშის „მიზეზიც“ არ იარსებებდა. როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი ამბობს მოქალაქეობის ჩამორთმევა „ძალიან უცნაური გადაწყვეტილება იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან. რეალურად სწორედ ამ ნაბიჯმა გვიჩვენა, რომ საქართველოს მთავრობას ივანიშვილის მართლაც ეშინია. საქართველოში და მის გარეთაც ეს უკვე ცნობილია. მისი პოლიტიკური სისტემიდან დაუყოვნებლივ გაყვანის მცდელობა სწორედ ასე თუ შეფასდება. უფრო ჭკვიანი რომ ყოფილიყო საქართველოს მთავრობა, აუცილებლად მოძებნიდა მასთან ურთიერთობის გზებს, მისი ეშინიათ და ეს გასაკვირიც არაა, რადგან მან თავად მოახერხა საკუთარი ბიზნესის წარმართვა და ფინანსურ წარმატებას მიაღწია“.
    თუმცა ხელისუფლებამ მოქალაქეობის ჩამორთმევით ვერაფერი მოიგო. უფრო პირიქით მოხდა არასასურველი რეალობა შეუქმნა საკუთარ თავს: დამშეული და დაშინებული საზოგადოება მოულოდნელად გააქტიურდა და ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჩაღდა. თუკი აქამდე მმართველი ძალა რეგიონებს სრულად აკონტროლებდა და ელექტორალურ მხარდაჭერაზე ექსკლუზიური უფლებაც კი ჰქონდა გამოცხადებული, რაზეც ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნების შედეგებიც მეტყველებს, ახლა სავსებით შესაძლებელია ეს ვითარება შეიცვალოს და საზოგადოების რეალური განწყობა და გამოხატული ნება არჩევნების შედეგებზე ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდ ოპოზიციის სასარგებლოდ ობიექტურად აისახოს, რაც მმართველი რეჟიმისთვის ძალაუფლების დაკარგვის წინაპირობა გახდება.
   ამიტომ, ახლა ხელისუფლება მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ რეპრესიების გატარებით არ შემოიფარგლება და მაქსიმალურადად შეეცდება დაატეროროს ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების მეშვეობით. ვინაიდან მმართველი რეჟიმის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ მომავალ არჩევნებში  თბილისში მხარდაჭერის მოპოვება გაუჭირდებათ, რადგან ასეა თუ ისე დედაქალაქი დიდი ხანია გამოსულია მათი „კონტროლიდან“, რის გამოც ახლა მაქსიმალურად ჩაებღაუჭებიან რეგიონებს, სადაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტიურობა ძალიან დაბალია. რაც კიდევ უფრო დააახლოვებს საქართველოს აღმოსავლური ტირანიის მმართველობის სტილთან.
    მართალია ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკა გარკვეულწილად უბიძგებს გამწარებულ ხალხს ქუჩისკენ, მაგრამ საზოგადოება უკვე კარგად აცნობიერებს, რომ სააკაშვილის ჩამოშორება ქუჩიდან ვერ მოხდება და ამისთვის აუცილებელია განხორციელდეს ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით და ამ პროცესში ივანიშვილმა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა.
     ამრიგად, ივანიშვილისთვის უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობის დაბრუნება მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია, ვინაიდან სირცხვილის კია ქართული სულიერების გვირგვინის _ სამების ტაძრის აღმშენებელ კაცს, დაბადებით ქართველს და დაბადებულს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდეს. ბუნებრივია ამაზე თვალს ვერც ქართველი ერის სულიერი ლიდერი დახუჭავდა. ამიტომაც, როგორც იტყვიან ამ საკითხზე „ერი და ბერი“ გაერთიანდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ნათლად და ცხადად განაცხადა, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აუცილებლად უნდა მიენიჭოსო: „დღეს ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს თუ არა საქართველოს მოქალაქე. ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, რადგან ის ქართველია. ვფიქრობ, ყველა ქართველი ადამიანი, დაბადებული საქართველოში თუ უცხოეთში, რომელსაც ქართული სული და ხორცი აქვს, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. მე მაწუხებს, რომ ასეთმა უბრალო საკითხმა გამოიწვია ასეთი არასასურველი კამათი. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მას საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს“. 
     საქართველოს პატრიარქის მოწოდების შემდეგ, ასევე საერთაშორისო საზოგადოების და ქართველი ერის აზრის გათვალისწინებით სააკაშვილი იძულებული გახდება აღუდგინოს მოქალაქეობა ივანიშვილს და მისცეს შესაძლებლობა პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვანი მონაწილეობის, რადგან ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოს წარმატებულ სახელმწიფოდ ფორმირებისთვის. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი აცნობიერებს, რომ ქვეყანის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია თანაბარი შესაძლებლობების მქონე პოლიტიკურ ძალთა კონკურენცია და პლურალისტური გარემოს არსებობა. შესაბამისად ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება პირველ ეტაპზე გახდება წინაპირობა იმისა რომ დააბალანსოს სააკაშვილის ერთპიროვნული ხელისუფლება და ბიძგი მისცეს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.


ზურაბ ჯამბურია
პუბლიცისტი, პოლიტოლოგი

No comments:

Post a Comment