გვერდი

Sunday 27 November 2011

ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე

   თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ,
    კარგი შვილები რად გვებადება,
   ჩემო ქვეყანავ, ჩემო სამშობლოვ
   არ გეკადრება, არ გეკადრება.
                                               ვაჟა

       გაზეთ „მარტვილის“ რედაქცია „თავისუფალი პრესის“ რედაქციასთან ერთად პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეობას ართმევს საქართველოსა და ქართველ ხალხზე უზომოდ შეყვარებულ ჭეშმარიტ მამულიშვილს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. კაცს, რომელმაც ქართველ ერს სამების ტაძარი აუშენა, კაცს, რომელიც უანგაროდ ეხმარება მეცნიერებს, ხელოვანებს, მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, სპორტსმენებს, სკოლებს, საავადმყოფოებს... ერთი სიტყვთ, მთელ საქართველოს.
    ბიძინა ივანიშვილს იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული საქართევლოსთვის, რომ მისი ამაგი ყველა ქართველმა უნდა დააფასოს.
   საჯაროდ ვაცხადებ: მე როგორც ერთი რიგითი ქართველი, დიდ უსამართლობას ვხედავ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაში.
    დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია „თავისუფალი პრესის“ მიერ გამოცემულ გაზეთ „მარტვილის“ ოქტომბრის ნომერში მე დავბეჭდე ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის ამსახველი მასალები, რაზედაც ხელისუფლება გაგვინაწყენდა.მაგრამ ვინც არ უნდა განაწყენდეს, მე მივმართავ ჩემს კოლეგებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამომავალ რაიონული გაზეთების რედაქტორებს: ნუ ვიქნებით პასიურნი, რადგან ჩვენი ერთადერთი მიზანი ხომ მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა. ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფმა რეგიონის სოფლის მოსახლეობამაც ხომ უნდა იცოდეს ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და რა გაუკეთებია მას საქართველოსთვის. ხომ უნდა იწერებოდეს ამის შესახებ რაიონულ გაზეთებშიც, არადა ზოგიერთ რაიონულ გაზეთს რომ ვკითხულობ, არქიფოს ქვეშევრდომები გაგახსენდებათ, „პოლიქრონიონს“ რომ მღერიან.
       _ მე ყველა რაიონში მყავს მეგობრები და ვიცი, რომ სამეგრელოში ბევრი უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის მოსვლას პოლიტიკაში, _ მითხრა ერთმა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, რომელმაც მცირე ხნის პაუზის შემდეგ დასძინა: _ ჩემი სურვილია, როგორც მთელ საქართველოში, ასევე ჩემს რეგიონშიც, სამეგრელო-ზემო სვანეთში ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგნენ ჩვენი კუთხის პატიოსანი, ჭკვიანი, განათლებული, წარმატებეული და ღირსეული ადამიანები...
     ჩვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად ღირსია ხელისუფლებაში მოსვლისა. რაც მთავარია, იგი ამას აპირებს ყოველგვარი ძალადობის გარეშე, სამართლიანი არჩევნების გზით.
    რაც შეეხება საკითხს, უნდა იყოს თუ არა იგი საქართველოს მოქალაქე, ამასთან დაკავშირებით სამართლიანად და ყველას გასაგონად ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ: „ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე“.
   გაზეთ „მარტვილის“ რედაქცია მხარს უჭერს, ემხრობა და სავსებით იზიარებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა და მიეცეს თავის სამშობლოში ნორმალურად მოღვაწეობის საშუალება, რადგან „ჩვენ ერთად უნდა ავახდინოთ ქართული ოცნება _ ეს არის ერთიანი, მთლიანი, ძლიერი, სამართლიანი საქართველო“.

ფაუსტ ნადარაია
გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი.

No comments:

Post a Comment