გვერდი

Saturday 26 November 2011

ნესტორ ესებუა



              გ ა ხ ს ე ნ ე ბ ა

   სოფელ სორტაში (სენაკის რაიონი) დაბადებული ნესტორი თვრამეტიოდე წლის ბიჭი იყო, ბათუმში, როტშილდის ქარხანაში რომ დაიწყო მუშაობა. მევალე მედუქნეს ნესტორისათვის უთქვამს: ქარხნიდან კალა მომიტანე და ვალსაც იმაში გაგიქვითავო. იმ დღეს ნესტორს ნაბდის ქვეშ ამოუჩრია ორი ყუთი კალა და ქარხნიდან მალულად გამოუტანია. მედუქნესთან მისულს მის ცხვირწინ დაუგდია კალის ყუთები. დიდხანს ეჯაჯგურა, თურმე, მედუქნე სათითაოდ იმ ყუთებს, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. თვითონ ნესტორს დაუწყვია ისინი სასწორზე, 16 ფუთი და 2 გირვანქა გამოსულა... ვალიც გაუსტუმრებია და კიდევ დიდხანს უსაუზმია იმ დუქანში მუქთად... კალის ხარჯზე. სწორედ როტშილდის ქარხანაში მუშაობდა ნესტორი 1885 წელს, როცა კულა გლდანელი ბათუმში ჩავიდა საჭიდაოდ და 12 მოჭიდავე „გალგახა“. ამის შემდეგ მიაკითხეს ნესტორს_ კულასთან უნდა იჭიდაოო. ამ ორი ფალავნის პირველი შეხვედრა ბათუმში 14 აპრილს გამართულა.


  ახლა კი სტამბულში გადავინაცვლოთ. იქაური ცირკის კედლები ათასფერად იყო აჭრელებული. საჭიდაოდ გამოდიოდნენ პოლონელი პეტლიზინსკი, ბულგარელი ნიკოლა ჰეტრე, თურქი ჰაებაშთი, ქართველი ცერაძე, მაისურაძე, მიდელაური, ესებუა, აგრეთვე ემილ ფორი და სხვები. საჭიდაოდ უხმეს ბერძენ გოლიათს, ოცი ფუთის ამწევ, 132 კილოგრამიან პანიას კუტალიანის და ნესტორ ესებუას. დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ერთთავად დამრგვალებული ბერძენის პირისპირ ხმელ-ხმელი, გრძელმკლავა
ესებუა ცოტა სასაცილოდ გამოიყურებოდა. დაიწყო თუ არა ორთაბრძოლა, ნესტორი იერიშზე გადავიდა. ვეფხვივით უტევდა მეტოქეს და მალიმალ ჩოგბჯენში გადაჰყავდა ბერძენი გოლიათი. მეოცე წუთზე ესებუამ ბერძენის მარჯვენა მკლავი იგდო ხელთ, უცებ შემოტრიალდა, კისრულზე წამოიღო და ორივე ბეჭით გააკრა ხალიჩაზე. ტაშის გრიალმა შეაზანზარა დარბაზი. სულთანის ვაჟმა ნესტორს 50 ლირა აჩუქა. მსაჯებმა კი ძველი დროის წესის თანახმად, ქართველ ფალავანს მკერდზე  საპატიო ლენტი გაუკეთეს.
   საქართველოს სახალხო მოჭიდავემ, რომელიც პროფესიონალი იყო, პეტერბურგში ძირს დასცა ყველა უძლიერესი, მათ შორის, ცნობილი ემილ ფორი, რისთვისაც ჯილდოდ მიიღო ოქროს საათი და სამი ათასი მანეთი, როსტოვში დაამარცხა ძმები აზონები, მოსკოვში სძლია პოლონელ პეტლიზინსკის. პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე კი, ათ ფალავანს დაეჭიდა და ყველას კუდით ქვა ასროლინა. ათივე სულ რაღაც საათსა და ოც წუთში დაამარცხა. ჯილდოდ ოქროს ჟეტონი და 100 ფრანკი მიიღო. ქალაქ ოდესაში ნესტორმა აჯობა ბულგარელ ნიკოლა პეტრეს. ნესტორს დამარცხებული ჰყავს იოსებ ცერაძე, გიორგი ლურიხი, კლიმენტი ბული, კაზბეგ გარა, სარი სულეიმანი, ჰაჯიბაზ გულიკოვი და სხვები. ესებუამ სოხუმში დაამარცხა გამოჩენილი ნორკინი, თბილისში მურომეცი, კონსტან-დემარე და სხვები. მისი საყვარელი ხერხი ჭიდაობის დროს იყო დაჩოქილი შუა სარმა, ე.წ. „ცაცია“, ანუ გარე ფეხი და კისრული.
 ნესტორი სიმაღლით 2 არშინი და 14 გოჯი იყო. ბეჭების სიგანე 18 გოჯი ჰქონდა. ტანწვრილსა და დაკუნთულს დიდი თითები და ყურები, მარცხენა მკლავი კი ოდნავ დაზიანებული ჰქონდა...
 ჭიდაობის ისტორიაში უნიკალურია ესებუა _ გლდანელის XIX საუკუნის მიწურულს გამართული ოთხი თუ ხუთი ორთაბრძოლა. თუმცა ერთ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, კვლავ იხსენებენ და კამათობენ ამორი ქართველი ფალავნის „საუკუნის ჭიდაობაზე“. 1887 წელს კულა კვლავ იწვევს ნესტორს. 1888 წლის „ივერიაში“ (№ 235) ნესტორი წერს: _ ოთხჯერ დავძლიე გლდანელი და მეხუთეთ ჭიდაობა საინტერესო არ იქნებაო. იმავე გაზეთის № 113-ში ნესტორი წერს: _ თბილისში მას ყველა მომხრე ჰყავს, ქუთაისში თუ უნდა, იქ მობრძანდეს, როცა უნდოდესო. მიუხედავად გლდანელ _ ესებუას მეტოქეობისა, ისინი ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ...
 საჭიდაო სარბიელზე გამოსვლები რომ შეწყვიტა, ნესტორმა თვითონ შეადგინა მოჭიდავეთა წრე და იწყო მიმოსვლა სხვადასხვა დაბასა და ქალაქში. ხალხის „თვალის გასახარად“ ჭიდაობებს აწყობდა _ სამტრედიაში, სურამში, ჭიათურაში, ქუთაისში, ზესტაფონში და სხვაგან. 1919 წელს ჭიდაობიდან აღებული ფულიდან 400 მანეთი შესწირა სენაკის სკოლის მშენებლობას. ფულით ეხმარებოდა წითელი ჯვრის საზოგადოებას.
 ერთხელ, როდესაც ძველი ფლავანი მშობლიურ სოფელ სორტაში მიდიოდა, მოულოდნელად, მოსახვევში ეტლი გადაუბრუნდა და სხეული დაუზიანდა. იგი ორი თვის ავადმყოფობის შემდეგ, 1931 წლის აგვისტოში, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.


გაბრიელ ბარჯაძე.

No comments:

Post a Comment