გვერდი

Monday 28 November 2011

დილეტანტებისაგან უარყოფილი პროფესიონალი

                     (ანუ რატომ არ უყვართ უმეცრებს ბრძენნი...)



   სამყაროში ყველა ღირსეული ადამიანი ცხოვრობს წარსულის მოგონებით, აწმყოს განცდითა და მომავლის იმედით და ნამდვილი ადამიანი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმას, რომელსაც წარსულში გააჩნია ღირსი მოგონებებისა, აწმყოში განცდილი მასალა და მომავალში შენიშვნული სინათლე. ეს თვისებები მოჭარბებულად აქვს მომადლებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის კურსდამთავრებულს, მაღალპროფესიონალ იურისტს, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორს ბატონ ვაჟა აბაკელიას.
    ბატონი ვაჟა ათი წლის განმავლობაში იყო თბილისის ნაძალადევის რაიონის სახალხო მოსამართლე, მარტვილის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე, რაიკომის პირველი მდივანი. იგი პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში, მარტვილის რაიონში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მოსახლეობამ აირჩია საქართველოს უმაღლეს საბჭოში _ დეპუტატად. 1990 წელს უმაღლესმა საბჭომ აირჩია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარედ. 1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას რეკომენდაციით დაინიშნა საქართველოს გენერალურ პროკურორად. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სამგორის, ისანი-სამგორის რაიონის პროკურორად (სულ 12 წელი).
  ბატონი ვაჟა არის მამულიშვილი, ერუდიტი, სამშობლოსათვის თავდადებული პიროვნება, რაც მას საქმით არაერთხელ დაუმტკიცებია ქვეყნისათვის ურთულეს ჟამსაც კი, მაშინ, როდესაც საქართველოს პირველ კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ჯგროდ შემოესივნენ ანტიეროვნული ძალები და არ მისცეს ეროვნული
სახელმწიფოს აღმშენებლობის საშუალება. ამ დროს ვაჟა აბაკელია გვერდით ედგა გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას უკანასკნელ წუთამდე, როგორც ქვეყნის
გენერალური პროკურორი. მისი საქმიანობა შეწყდა მხოლოდ ცნობილი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, რაც გამოიხატებოდა კანონიერი ხელისუფლების დამხობით. 
     დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ბატონ ვაჟასთან, ამიტომ, ეს არ გვიშლის ხელს ობიექტურად შევაფასოთ მისი დამსახურება ერის წინაშე, რადგან მან სიცოცხლეშივე დაიმსახურა ღირსეული ადგილი სახელოვანთა პლეადაში, ამას მისი გაკეთებული სამქეებიც ღაღადებენ. მას არც ჯილდოები აკლდა და არც ხალხის სიყვარული.
   ვაჟა აბაკელიას ფენომენის უკეთ დასახასიათებლად აუცილებელია გავეცნოთ იმ სოციალურ გარემოს _ ოჯახს, სადაც აღიზარდა ბატონი ვაჟა.
   მამა _ ბორის აბაკელია, საზოგადო მოღვაწე, მარტვილის პროკურორი, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წევრი, თბილისის სტალინის რაიონის პროკურორი. მას დიდი როლი მიუძღვის მარტვილის სოციალ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მის სახელთან არის დაკავშირებული აგარაკ ლებარდეს საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელსაც ქვეყნისათვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და უერთდება კავკასიის ქედის უღელტეხილს.
    დედა _ თამარ ჯვებენავა, რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი, მუშაობდა მარტვილის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ. მისი უშუალო ინიციატივით რაიონში აშენდა ახალი საავადმყოფოები, მედპუნქტი. ოჯახის თბილისში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ დანიშნეს საბურთალოს რაიონის პოლიკლინიკის მთავარ ექიმად, სადაც პაციენტების დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
    ბუნებრივია, ასეთ ოჯახში აღზრდილი პიროვნება, როგორიც ვაჟა აბაკელიაა, კაცურ-კაცობის, დარბაისლობის, კეთილშობილების განსახიერება იყოს და არის,რადგან შვილი მამის პიროვნულ მაგალითზე აღიზარდა და კაცთმოყვარეობის თვისება მისგან გამოჰყვა, რამაც დიდი დახმარება გაუწია, როგორც იურისტს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სახელმწიფოს მაღალ ეშელონში.

ვაჟა აბაკელია, როგორც
პიროვნება და მისი ოჯახი

    ვაჟა აბაკელია არის მუდამ მშვიდი, მოკრძალებული, დინჯად მოლაპარაკე, სხვას ყოველთვის უსმენს და თავად სმენას არ მოითხოვს... იგი ეკუთვნის იმ ადამიანთა პლეადას, რომელიც შეიძლება შევადაროთ ვირტუოზ მევიოლინეს, რომელსაც ნოტის აღების დროს არასოდეს არ დაუშვია შეცდომა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების მეტად რთულ დარგს ედგა სათავეში. ახასიათებს დიდი ჰუმანიზმი და სიბრძნე, ზომიერების გრძნობა, გულისხმიერება... არ იცის წყენის გულში ჩატოვება, იოლად შეუძლია მიტევება, ქრისტიანული წესით ცხოვრობდა და ცხოვრობს.
   სადაო არაა, რომ ბატონი ვაჟა იმ სოციალურ როლს, რომელიც უშუალოდ მის ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, წარმატებით ასრულებს და ეკუთვნის იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელთანაც ახლოს მისულნი ძნელად შორდებიან მას და მისგან მოხიბლულნი რჩებიან, ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის არის კოლორიტული ფიგურა, რომლის გარეგნობა ზედმიწევნით შეეფერება მის სულიერ და გონივრულ სამყაროს.
      ბატონმა ვაჟამ, 2009 წლის ზაფხულში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე გამოსვლით ნამდვილი ფურორი მოახდინა და იქ დამსწრე საზოგადოებამ იგი ერთხმად აღიარა ქართულ პოლიტიკაში ახალი მეტეორის გამოჩენად. სანიმუშო იყო მისი სიტყვა, მეცნიერულად დასაბუთებული, ფაქტებით განმტკიცებული. სწორედ ასეთი პოლიტიკოსი სჭირდება ქვეყანას.
   ვაჟას მეგობრები ერთხმად აღიარებენ, რომ მან შესანიშნავი ოჯახი შექმნა _ მისი მეუღლე ქალბატონი ლელა აბაკელია სპეციალობით ექიმია, რომელიც გამოირჩევა ქალური კდემამოსილებითა და დარბაისლობით. არც ის უკვირთ ახლობლებს, რომ ცოლ-ქმარი ლამის უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს. ქალაბტონ ლელას შინაგანი კულტურა და არისტოკრატიზმი ნებისმიერ ადამიანს კეთილად განაწყობს მის მიმართ...
         სამი შვილი ეზრდება ამ შესანიშნავ ოჯახს _ ბორისი, ნინო და თამარი.
   თამარ აბაკელია 22 წლისაა და უკვე მოსკოვის „დიდი თეატრის“ სოლისტია. გამორჩეულია პლასტიკური და ფიზიკური მონაცემებით, რაც ბალეტის მაღალი კლასის მოცეკვავისათვის ესოდენ აუცილებელია. სწორედ ეს განსაკუთრებული უნარი იქცა იმის საფუძვლად, რომ 15 წლის ცქრიალა გოგონა ჯერ მოსკოვის ქორეოგრაფიული აკადემიის მოსწავლე გახდა, ხოლო შემდეგ კი „დიდი თეატრის“ დასის წევრი და დებიუტშივე რამდენიმე სარეპერტუარო სპექტაკლში წამყვანი პარტია შეასრულა. მისი რამდენიმე ფოტო შევიდა „დიდი თეატრის“ ფოტოალბომში, რომლის ავტორია მსოფლიოში სახელგანთქმული ფოტოხელოვანი კევინ მაკინტოში.
     იგი როგორც საოცრად მომხიბვლელი (როგორც პრესა აღნიშნავს: იშვიათი მდიდრული სილამაზის მქონე), მოხდენილი, არჩვეულებრივი აღნაგობის მქონე მოცეკვავე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფირმა „სიმენსის“ სახედ იქნა აღიარებული.
      თამარმა კარგად იცის, რომ ხელოვნების მწვერვალთა დაპყრობას გარდა თვითნაბადი ნიჭისა უდიდესი პედაგოგიური ძალისხმევაც სჭირდება. თავის წარმატების ქვაკუთხედად თამარს მისი პედაგოგის, მოსკოვის ქორეოგრაფიული აკადემიის რექტორის მარინა ლეონოვას ამაგი მიაჩნია, რომლის კლასში თამარი საგანგებოდ შერჩეულ ექვს მოსწავლესთან ერთად მეცადინეობდა. სწორედ დიდი წარმატებით ასახელა საქართველო თამარ აბაკელიამ და ფაქტიურად შეცვალა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე ცნობილი ბალერინა ნინო ანანიაშვილი. ვუსურვებთ შესანიშნავ მამულიშვილს საბალეტო ხელოვნების უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას!
    დიდ ერუდიტად აღიარებული ბატონი ვაჟა აბაკელია როდესაც მარტვილის რაიონს ხელმძღვანელობდა, დიდ ყურადღებას აქცევდა ინტელექტუალურ სფეროს და კარგად გაეცნო კუთხის გარდასული ცივილიზაციის უძველეს ნიმუშებს, რადგან კარგად უწყოდა, რომ დიდი წინაპარი აწყმოს გზა და ხიდია. სათანადო შესწავლის შემდეგ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკებთან ერთად, რაიონის აქტივის კრებას გააცნო თავისი მოსაზრება გიორგი ჭყონდიდელი-მწიგნობართუხუცესის სახელის პირველი მფლობელის და დიდი მეფის დავით აღმაშენებლის პოლიტიკის გამტარებლისა
და აღმზრდელის სახელის უკვდავსაყოფად 900-წლისთავთან დაკავშირებული თარიღი აღენიშნათ საერთაშორისო დონეზე, რაც მანამდე ლამის მივიწყებული იყო. ამ მიზნით მან თხოვნით მიმართა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტს, ცნობილ ისტორიკოსებთან და მხარეთმცოდნე მეცნიერებთან ერთად მოეწყოთ თეორიული კონფერენცია „გიორგი ჭყონდიდელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ“. დაინიშნა ხსოვნის აღნიშვნის დღე _ 6 ოქტომბერი, რომელიც ნამდვილად საერთო-სახალხო დღესასწაულად იქცა და რაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და სხვა სფეროს მოღვაწეებმა და მსოფლიოს 27 ქვეყნის წარმომადგენლებმა. ბატონ ვაჟა აბაკელიას მიერ დაწყებულ ამ საქმეს ასე თუ ისე, დღესაც აგრძელებენ.
    ბატონი ვაჟას მოღვაწეობა მარტვილის რაიონში გლობალურ ხასიათს ატარებდა. არ დარჩენილა სახალხო მეურნეობის, კულტურის, განათლების და სხვა დარგები მისი განსაკუთრებილი ყურადღების გარეშე (შეკეთდა ყველა ხიდი, 70 კილომეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, რაიონში ჩამოყალიბდა პირველი ფერმერული მეურნეობა და იჯარით გაიცა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწები, შემოტანილ იქნა ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რაიონში არსებული ეკლესიების ეზოები მოაწესრიგა და ყველა საყდარი გადახურა. საგრძნობლად გაიზარდა მოსახლეობის საერთო შემოსავლის ხვედრითი წილი და ვინ ჩამოთვლის რამდენი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული).
     დღეს, როცა ქვეყანას არ გააჩნია სამართლებრივი, იურიდიული, პოლიტიკური და კონსტიტუციური გარანტიები, ხელისუფლება პროფესიონალ იურისტებს სათოფეზე არ იკარებს. ამიტომაც თვლემს თემიდა და ქვეყანაში გამეფებულია ძალადობა და ტირანია. მიზეზი ის გახლავთ, რომ მოდუნებულია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა.
     ხელისუფლება სათანადოდ არ მუშაობს ღირსეული კადრების შესარჩევად და არად დაგიდევს იმას, რომ ქაღალდზე არსებულ დებულებებსა და წესდებებს კადრები აქცევენ რეალურ საქმედ. ქვეყანა წალეკეს არაპროფესიონალებმა.
     ნამდვილად ძნელია ასეთ ქვეყანაში ცხოვრება და საქმიანობა. ვიდრე ქვეყნის ყველა დარგი პროფესიონალებით არ დაკომპლექტდება, საქართველო თავს ვერ დაიხსნის სიღარიბის, უკანონობისა და განუკითხაობის ლაბირინთიდან.
      ამ წერილის მიზანი სწორედ ის არის, რომ განვაცხადოთ ჭეშმარიტება დაურიდებლად: ვაჟა აბაკელია, დიდი გამოცდილების მქონე ღრმა პროფესიონალია, რომელსაც, როგორც უმაღლესი კატეგორიის იურისტს, მრავალი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია თავისუფალი, ერთიანი და ძლიერი საქართევლოსთვის.

ოთარ ქაჯაია, პროფესორი,
მაგალი თოდუა აკადემიკოსი,
ანზორ შონია აკადემიკოსი,
გიორგი (გონი) ცაავა აკადემიკოსი.
     
       რედაქციისაგან: გაზეთ „თავისუფალი პრესის“ რედაქცია სიამოვნებით აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული თეორიული მომზადებისა და საოცარი ალღოთი აღჭურვილი მაღალპროფესიონალი იურისტი ბატონი ვაჟა აბაკელია საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ტრადიციების ზედმიწევნით მცოდნე, ჭეშმარიტად ეროვნული სულის მატარებელი ადამიანია, რომელმაც საქმით არაერთხელ დაამტკიცა, რომ „ძალი შესწევს ქადილისა“.
      მკითხველს, ალბათ, ახსოვს ერთ დროს ძალიან გახამურებული საქმე, როცა სწორედ ვაჟა აბაკელიამ დააკმაყოფილა საბჭოთა ხელისუფლებისგან სასტიკად შერისხული ცნობილი დისიდენტის, ბორის გოლშტეინის სარჩელი (სამსახურში აღადგინა და მთავრობას მისი ე.წ. განაცდურიც გადაახდევინა). ამას ხომ იმ პერიოდში ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაბედავდა. ერთხელ, როცა ბატონი ვაჟა უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს და ზვიად გამსახურდიასთან გასაუბრებაზე იმყოფებოდა, ზვიადთან ბორია გოლშტეინის ძმა შემოსულა, ვაჟა რომ უნახავს სიხარულისაგან უთქვამს: ეს ის კაცია, რომელმაც 70-იან წლებში ასეთი თამამი გადაწყვეტილება გამოიტანაო...
    ბატონი ვაჟა აბაკელია ამჟამად არის სრული პროფესორი, აიბი ევროკავკასიური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ხელმძღვანელი (კათედრის გამგე).
      და მაინც, ვფიქრობ, სამართლიანად წერდა ამ რამდენიმე წლის წინათ რომელიღაც გაზეთი:
  ვაჟა აბაკელიასნაირი იურისტის შესაძლებლობების გამოუყენებლობა ფუქსავატურად ხელგაშლილი საქართველოსთვისაც  კი,  მიუტევებელია.

No comments:

Post a Comment