გვერდი

Saturday 26 November 2011

მეგრული ნანა

     ბევრი სიმღერა არსებობს ამ ქვეყანაზე, მაგრამ ყველაზე ძვირფასი არის ერთი სიმღერა: „იავნანა“. არ არსებობს დედა, რომელსაც თავისი შვილისათვის არ ემღეროს იგი. 
  განუზომლად დიდია დედის სიმღერის ზემოქმედების ძალა ადამიანზე. გავიხსენოთ იაკობ გოგებაშვილის მშვენიერი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა?“, რომელსაც ჩვენს საბავშვო ლიტერატურაში ბადალი არ მოეძებნება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ მოთხრობის თავისებურება მის წმინდა ფსიქოლოგიზმშია, ე.ი. იმაში, რაც იავნანას მოსმენამ შეძლო, რამაც ლეკად ქცეულ 13 წლის ქეთოს თავისი ადრინდელი ბავშვობის


დაკარგული მოგონება აღუძრა და კვლავ ქართველ ქალად აქცია.
   იავნანა რომ არ ყოფილიყო, მაშინ ალბათ, სიმღერაც არ იქნებოდა დედამიწის ზურგზე და პოეზიის მადლიც მოაკლდებოდა ცხოვრებასო, ამბობს ერთი მწერალი. 
დედები პირველი პოეტები არიან, ისინი უთესავენ პოეზიის მარცვალს თავიანთ შვილებს სულში. ამ მარცვლებიდან იზრდება და იფურჩქნება შემდეგში ყვავილები. ყველაზე უფრო მძიმე და საშინელ წუთებში იხსენებენ მამაკაცები აკვანში მოსმენილ სიმღერას. 
    დედამიწაზე რამდენი ენაცაა, იმდენი იავნანა არსებობს. 
   მეგრული ნანა, როგორც ყველა „იავნანა“, არის სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულის წმინდა საგალობელი, რომელსაც ოდითგანვე უმღეროდა მეგრელი დედა თავის შვილს:

ნანაია, ნანა სქუა,
ნანაშ ჭირიმა!
არკვანიშა იშამჯანუ
ვარდიშ პირი მა.
გამნუონწყი შქართუნი დო
აშვოჯინი მა,
ბჟა დო თუთას ქოგურაფუ
იში ჭირიმა!
დღასუ ვეშეჭყოლიდუა
გოლვაფირი მა,
ათე ნანა მარგალური
სქანი ჭირიმა!
სქანი კუნთხუ საქორთუო
ნანაშ ჰამო ბჟა,
სქან ფაცხა დო სქან კებური
სკანი ჭირიმა.



სამეგრელოში გავრცელებული ეს სააკვნე სიმღერა, რომელიც სპირიდონ კვარაცხელიასგან ჩაუწერია და გამოაქვეყნა კალისტრატე სამუშიამ, მეგრელმა კაცმა არასოდეს არ უნდა ჩაივიწყოს. მეგრულ ხალხურ პოეზიაში არსებობს „ნანას“ რამდენიმე ვარიანტი, გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს, ჩემს მიერ ქართულად ამტყველებულს:


მეგრული ნანა
ნანაია, ნანა, შვილო,
ნანას ჭირიმე,
კაკლის აკვანში მიწევხარ
ვარდის პირი მე.
გადაგხადე საბანი და
დაგაკვირდი მე,
მზეს და მთვარეს ემსგავსები
შენი ჭირიმე.
გიყურებ და თვალს ვეღარ გწყვეტ,
ხარ მშვენიერი,
მიხარია, მამაშენის გაქვს შენ იერი.
ისე საამურად გძინავს,
რომ გამაოცე,
გაიღვიძე, ჩემო ბიჭო
მკერდზე მაკოცე.
საამურად მიტომ გძინავს,
შენ გენაცვალე,
რომ ფიქრები არ გეხვევა
და არ გაწვალებს.
ან რა შენი საქმე არის
ჯერეთ ფიქრები,
შენ არაფერს მოგაკლებენ
ეს ძუძუები.
გაიზრდები, შენც გექნება
საფქრებელი,
ნახავ, რარიგ მუხთალია
წუთისოფელი.
მან სისწორე ცოტა იცის,
სიცრუე-ბევრი,
ჯერ ცხოვრებას არ იცნობ და
ხარ ბედნიერი.
დიდი გახდი, შეებრძოლე
უსამართლობას,
გაუმკლავდი ამ ცხოვრების
უკუღმართობას.
გაუმაგრდი ქვეყნის ტრიალს,
მიჰყევ ბოლომდი,
შეიყვარე კეთილი და
გძულდეს ბოროტი.
არასოდეს დაივიწყო
შემოგევლე მე,
ეს მეგრული ნანაია
შენი ჭირიმე,
შენი ტურფა საქართველო,
დედის ტკბილი რძე,
შენი ფაცხა და კერია,
შენი ჭირიმე.

 ფაუსტ ნადარაია

No comments:

Post a Comment