გვერდი

Friday 23 March 2012

მწარე სინამდვილე

(პოლიტიკური მინიატურა)

დევნილი იყო შოთა რუსთაველი.
განდეგილი _ დავით გურამიშვილი.
შერისხული _ ბესიკ გაბაშვილი.
ყარიბი _ ნიკოლოზ ბარათაშვილი.
ღარიბ-ღატაკი _ ეგნატე ნინოშვილი.
მოკლეს ერის მამა, ილია ჭავჭავაძე.
უგზო-უკვლოდ გააქრეს ვანო მაჩაბელი.
უყურადღებობით, სიღატაკეში დაღუპეს ვაჟა ფშაველა.
თბილისში თავშესაფარიც არ აღირსეს პოეტთა მეფეს, აკაკის.
გადასახლებაში დაღუპეს ჭოლა ლომთათიძე.
საფლავიც დაუკარგეს უპატრონოდ მკვდარ ფიროსმანს.
დახვრიტეს სრულიად უდანაშაულო გამოჩენილი მწერალი დანიელ ფიფია.
საგიჟეთში ყოფნა მიუსაჯეს სევდის ტრიუმფატორს, დევნილ, უსახლკარო ტერენტი გრანელს.
წამებით მოკლეს ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე...
თავი მოაკვლევინეს პაოლო იაშვილს.
აიძულეს საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმომხტარიყო დიდი გალაკტიონი.

ერთი ლექსი არ დაუბეჭდეს ტანზე „ლექსებგამონაყარ“ ნიკო სამადაშვილს.
სამშობლოდან განდევნეს გრიგოლ რობაქიძე.
მოკლეს პოეტი და ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.
დაამხეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პირველად არჩეული ეროვნული ხელისუფლება და მოკლეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ეროვნული გმირი, პოეტი, მწერალი, მეცნიერი ზვიად გამსახურდია.
ჩამოთვლილთაგან თითოეული მათგანი უთვალსაჩინოესი, უერთგულესი შვილი იყო საქართველოსი, _ მსახური ქვეყნის სიდიადისა. მათი ხვედრი ქართველთაგან ბევრმა გაიზიარა და თანამოძმეების მიერ ნაწამებთან, ქვეყნისა და კაცისადმი ერთგულების გამო დახოცილ ხელოვანთა ცხედრებითაც არის გაპოხიერებული მშობლიური მიწა. ყოველივე ამაში თვალსაჩინოა საქართველოს სხვადასხვა დროის ხელისუფალთა და მათი დამქაშების უზნეობა და უსამართლობა.
საქართველოში აშიმშილებდნენ, დევნიდნენ, ქვეყნიდან აძევებდნენ, გიჟის ხალათას აცმევდნენ, კლავდნენ, თავს აკვლევინებდნენ პოეტებს, მხატვრებს, მუსიკოსებს... უებრო რაინდებს, სამშობლოსათვის თავდადებულ მამულიშვილებს.
ძალადობის მსხვერპლნი მათივე სიცოცხლეში ვერავინ დაიცვა. თანამემამულეებმა მერეც უმეტესად პირში წყალი ჩაიგუბეს...
მწარე სინამდვილეა, რომ საქართველოში უმეტესად ისეთი ხელისუფლებაა, რომ აქ მართალი და ნიჭიერი შემოქმედნი ყოველმხრივ შებოჭილნი არიან... ისინი იდევნებიან ფულისა და კუჭის მონების, ფარისევლების, ეგოიზმის ჭიით გულგამოხრულთა მიერ. მწარე სინამდვილეა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში, „ელიტარულ“ საზოგადოებაში ყოველთვის უფრო აფასებდნენ და ახლა, მით უმეტეს, უფრო აფასებენ ლიქნასა და გაიძვრეობაში, ქურდობასა და ხალხის პირდაპირ ძარცვაში დახელოვნებულთ...
უსამართლობისადმი შეგუებით, გაუბედაობით, გულმართალ შემოქმედთა დევნით დიდი საფრთხე შეიმზადა საქართველომ, რადგან ჩვენი ერისთვის ამგვარი კონფორმიზმი დამღუპველია. მხოლოდ ეროვნული ცნობიერების ამაღლებასა და საუკეთესო შვილთა ამაგის დაფასებაში არის ის გზა, სამომავლოდ რომ უნდა ვიპოვოთ. სხვანაირად უთუოდ ავითქვიფებით ერთა უსახურ კონგლომერაციაში. ამიტომაც უნდა გაანალიზდეს საქართველოში, ისევ ჭეშმარიტი, ეროვნულად მოაზროვნე ქართველების მიერვე: რისთვის იდევნებიან და რისთვის იღუპებიან ქვეყნის სასიქადულო შვილები.

ავტორი: თამაზ ფიფია

No comments:

Post a Comment