გვერდი

Friday 23 March 2012

საქართველოს პატრიარქმა ელჩებს საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა


გუშინ, 23 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესი და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 95 წლის აღსანიშნავად  სპეციალურ მიღება გამართა. რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პატრიარქმა დიპლომატებს საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა. ასევე ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს რელიგიური გაერთიანებების ინტერრელიგიური ჯგუფის მორიგ შეკრება 2 აპრილს გაიმართება, სადაც საქართველოს ეკლესიის ინიციატივით მოხდება თურქეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, რომლის მიხედვითაც, ოშკისა და იშხანის გადარჩენის სანაცვლოდ, ბათუმში „აზიზიეს მეჩეთი“ უნდა აშენდეს, ხოლო ახალციხის რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული „აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციაში უნდა ჩაერთოს თურქული მხარე.
საქართველოს პატრიარქმა სიტყვით გამოსვლისას თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების აღდგენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და არაკეთილმოსურნეების მიერ ჩვენს ქვეყანაში რელიგიური უმცირესობების მდგომარეობის შესახებ უცხოეთში არასწორად გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა.
საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე, პატრიარქის მიერ წარმოთქმულ სიტყვას „თავისუფალი პრესა“ უცვლელად გთავაზობთ:

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩებო, ქალბატონებო და ბატონებო, გულითადად მოგესალმებით, საქართველოს ეკლესიის სახელით, პირადად ჩემი სახელით, წმიდა სინოდის სახელით. თქვენ მოგიწვიეთ იმ დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის - კვირას სრულდება 95 წელი, ავტოკეფალიის აღდეგენისა, საქართველოს ეკლესიის. მე მინდა ვთქვა, რომ ეკლესიას და რელიგიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, სახელმწიფოსათვის და საერთოდ, მსოფლიოსათვის.
საქართველოს ეკლესია არის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესია, რომელიც იყო დაარსებული პირველ საუკუნეში. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა უკვე ხდება სახელმწიფოებრივი რელიგია, მეხუთე საუკუნეში უკვე ავტოკეფალური ეკლესია და ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, ანუ - ავტოკეფალიას.
საუკუნეების მანძილზე საქართველოს ეკლესია, სომხურ ეკლესიასთან ერთად იყო ქრისტიანული ოაზისი, ამ მუსულმანურ სამყაროში და საქართველოს ეკლესია იყო თავისუფალი და ავტოკეფალური, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე.
რუსეთის იმპერატორის ბრძანებით საქართველოს ავტოკეფალია იყო გაუქმებული და იგი დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიას. 1811 წლიდან 1917 წლამდე იყო ცხრამეტი ეგზარხოსი, აქედან მხოლოდ პირველი იყო ქართველი, დანარჩენი ყველა იყო რუსი.
საქართველოს ეკლესია არასდროს არ ყრიდა ფარ-ხმალს და მუდამ ცდილობდა, რომ აღდგენილი ყოფილიყო საქართველოს ეკლესია, რასაც ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, არა მარტო ეკლესიისთვის, არამედ, სახელმწიფოსთვის, ჩვენი კულტურისთვის.
1917 წელს სვეტიცხოველში შეიკრიბა საეკლესიო კრება და იყო გამოცხადებული, რომ ავტოკეფალია აღდგენილია. ღვთის მადლით და კურთხევით ჩვენ ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, რომელსაც ჩაეყარა დასაწყისი პირველ საუკუნეში.
დღეს საქართველოს ეკლესია ყველაფერს აკეთებს, რომ იყოს დანერგილი დემოკრატიული საწყისები, იყოს საქართველო მთლიანი და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ იყოს შენარჩუნებული სულიერი, კულტურული ფასეულობანი.
სამწუხარო ფაქტია, რომ ზოგიერთი არაკეთილისმსურველი უცხოეთში ავრცელებს ხმას, თითქოს, საქართველოს ეკლესია ჩაგრავს უმცირესობებს, უმცირეს სარწმუნოების მქონე ხალხს. სინამდვილეში ეს არ არის ასე - ყველას აქვს თავისი უფლება, თავისი ძალაუფლება, რომ გამოავლინოს თავისი რელიგიური გრძნობები.
ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის ფაქტი, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი ქართული ტაძრები თანდათან ინგრევა და ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება იმისათვის, რომ ჩვენ გავაკეთოთ სათანადო რესტავრაცია.
მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და გაიზირეთ ჩვენი დღესასწაული. ჩვენ მუდამ ბედნიერი ვიქნებით თუ ხშირად მობრძანდებით ჩვენთან. ჩვენ გვაქვს ისეთი რთული პერიოდი, არჩევნებისა, პარლამენტის არჩევნებისა და გთხოვთ, თქვენს დახმარებას.
და ბოლოს, მე მინდა რომ თქვენ მოისმინოთ ერთ-ერთი ჩემი ნაწარმოები, „აგნუს დეი“, რომელიც მე დავწერე ლათინურ ენაზე. კიდევ ერთხელ მადლობას გწირავთ მობრძანებისათვის, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ“.

No comments:

Post a Comment