გვერდი

Thursday 22 March 2012

ლევან ყიფიანი: დღეს ქართული სპორტი მაღალჩინოსანთა ინტერესებს ეწირება


საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ სპორტის თემატური ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის ხელმძღვანელი ვეტერანი ფეხბურთელი, კავშირ „ჩვენი ფეხბურთის“ დამფუძნებელი და ლეგენდარული ფეხბურთელის დავით ყიფიანის შვილი ლევან ყიფიანია. თუ რატომ გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა და რა აზრისაა მიმდინარე პროცესებზე _ ამასთან დაკავშირებით „თავისუფალი პრესა“ ლევან ყიფიანს ესაუბრა:

-დავიწყოთ იმით, რომ ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა და არა პოლიტიკური პარტია. აქ მოღვაწეობენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: ლეგენდარული ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი, სასიქადულო მოკრივე დავით კვაჭაძე, მძლეოსანი მაია აზარაშვილი, სამბოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლეგ იაძე და სხვ. ამ ადამიანებს ძალიან დიდ პატივს ვცემ,ხელისუფლებისგან კი სრულიად მივიწყებულები არიან. სასიამოვნოა ასეთ გარემოში მუშაობა, კონფეპციის შექმნა და შემდეგ მისი წარდგენა-განხორციელება. როგორც ჩანს ამ ხელისუფლებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები სპორტში. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის მიმდინარე მოვლენები, რომელიც ზოგადად სპორტში და განსაკუთრებით ფეხბურთში ხდება.თითოეული ქართველის მოქალაქეობრივი ვალია თავისი  კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს და დააფიქსიროს პოზიცია უკანონობის წინააღმდეგ. მე არ ვარ პოლიტიკოსი, თუმცა როგორც რიგით ქართველს მაწუხებს და მტკივა ის, რაც ქვეყანაში ხდება. ყველაზე დამღუპველი ისაა, რომ ყველაფერი ჯერაც პიროვნებებზეა დამოკიდებული, და არა სისტემურ ცვლილებებზე. მიზანი ერთია: სპორტი უნდა ჩამოყალიბდეს აბსოლუტურად დამოუკიდებელ ერთეულად. ჩვენი დევიზია: სამართლიანობა, პროფესიონალიზმი და პასუხისგებლობა. სწორედ ეს სამი კომპონენტი წარმართავს საქმიანობასა და წარმატებებს.
-როგორ შეაფასებდით ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძის პოლიტიკაში წასვლას?

-პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას მის დამსახურებას ქვეყნისა და ერის წინაშე. ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია და არა ის, რა ფორმით წავიდოდა იგი ნაკრებიდან. პოლიტიკური ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებაში ვერანაირ უარყოფითს ვერ ვხედავ, მსგავსი რამ მსოფლიოს ბევრ ცნობილ ფეხბურთელს გაუკეთებია. გულახდილად გითხრათ, ვერ გავიგე რატომ გახდა საკითხი ასეთი აჟიოტაჟის საბაბი?
განსხვავებული აზრი არ ნიშნავს, რომ ის ქვეყნის მტერია, პირიქით: ის დგას იქ, სადაც უნდა იდგეს! სამწუხაროდ, არიან ვეტერანები, მოქმედი სპორტსმენები, რომლებიც პირად საუბარში ოპოზიციურად არიან განწყობილნი, თუმცა საჯაროდ ამის თქმას ვერ ბედავენ.
-ანუ ფიქრობთ, რომ ქართული ფეხბურთი პოლიტიზირებულია?
-რა თქმა უნდა. ხომ ნახეთ როგორი არჩევნები გაიმართა? თუ როგორ შეირჩა კანდიდატები, როგორ გაამარჯვებინეს ფავორიტს და როგორ აირჩიეს აღმასკომის წევრები? ასეთი რამ არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება, დიდი ხანია განუკითხაობაა. უფრო მეტიც, შემიძლია ვიწინასწარმეტყველო ჩემპიონატის ტურებში რა შედეგები დაფიქსირდება.
ეროვნული ჩემპიონატი სამთავრობო პირველობას უფრო ჰგავს. ამას ხვდება გულშემატკივრები, ხალხი ბრძენია. თავის დროზე რატომ გააუქმეს ბევრი უმაღლეს ლიგური გუნდი, იმიტომ ხომ არა,რომ სახელისუფლებო მაქინაციები მიმდინარეობდა?! ახლა კი ისევ იგივე მეორდება, ორბიტაზე კვლავ გამოჩნდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაცვის პოლიცია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. რას ნიშნავს ყოველივე ანუ ვბრუნდებით უკან?! დღეს იცით რატომ არ არის სპორტი მომგებიანი? იმიტომ რომ დაუცველია ბიზნესი, ინვესტორი, მშენებელი. ნაცვლად იმისა რომ წახალისდეს, ხდება მათი დისკრედიტაცია. სპორტი არაა ყველასათვის ხელმისაწვდომი, მასობრიობა ჰქმნის მის შემდგომ განვითარებას. ფაქტია, რომ მათ არ აქვთ ცოდნა და არ აქვთ პოლიტიკური ნება.
-რა შეიცვლება ამ მხრივ ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლის შემდეგ?
-სპორტის სესახებ არსებული კანონი, ძირიტადად, დეკლარაციული ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს მისი განვითარების ხელშეწყობას, სპორტის სფეროს ორგანიზაციულ-სტრუქტურული და მართვის თანამედროვე სისტემის შექმნას, მატერიალურ ტექნიკური საფუძვლების განმტკიცებას. ჩვენი თემატური ჯგუფის მიზანი ამ პრობლემების მოგვარებაა.
გადავხედოთ ევროპის მაგალითს, რომელ სახელმწიფოს არ აქვს სპორტის ინსტიტუტი? ამათმა მოახერხეს ის, რომ სპორტული მეცნიერება მოკლეს. განაესაა მასობრიობა? ყველამ უნდა გავიგოთ, რომ განვითარებულ სამყაროშის პორტი პროფესიაა და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. აქვე ვთქვათ ისიც,რომ ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის „ქართული ოცნების“ კარი ღიაა.
-რა შეგიძლიათ თქვათ სამეგრელოში სპორტული ცხოვრების შესახებ?
-ლბათ უახლოეს მომავალში გავალთ რეგიონებში, გვინდა დავანახოთ საზოგადოებას ჩვენი ხედვა, მოვისმინოთ მათგან შენიშნები, წინადადებები…
რაც შეეხება სამეგრელოს, ამ რეგიონს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. ფოთში დაირწა ფეხბურთის აკვანი. ახლა კი, რაც იქ ხდება მარაზმია. მიუხედავად იმისა,რომ სამი გუნდი უმაღლესლიგაშია, ფაქტობრივად ბავშვთა სკოლებს ყოველთვიურად ხსნიან-ხურავენ. ბავშვებს ფეხბურთის ხალისს უკარგავენ. სამეგრელო ტალანტების სამჭედლოა, რომ დავიაროთ სოფლები, ყველგან აღმოვაჩენთ ნიჭიერ ბავშვებს.
სამეგრელოში ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ რაგბს, სანაოსნო სახეობებს, ცხენოსნობას. საზღვაო აკვატორიის განვითარება ერთერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს.
-ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რა შანსები აქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს?
-თემურ ქეცბაიასთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, თუმცა ნაკრების თამაშს წინა შესარჩევ ჯგუფში წარმატებულად ვერ ჩავთვლით. სპორტში ყოველთვის გვინდა გამარჯვება, წარმატებული დამარცხება არ არსებობს. ფედერაცია აცხადებს,რომ გუნდის გაახალგაზრდავებას უნდა მიჰყოს ხელი. ასეთი რამ დაუშვებელია. ნაკრები არის ის გუნდი, სადაც კონკრეტული მომენტისათვის საუკეთესოები თამაშობენ, გაახალგაზრდავებისთვის არსებობს ახალგაზრდული ნაკრები. რომელ წარმატებებზეა საუბარი, როცა მოედნები არ არსებობს, კატასტროფულად დაეცა ბავშვების რაოდენობა, არათანმიმდევრულად მიდის მწვრთნელთა მომზადების კურსები. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელიც მუდამ იქნება.
-დაბოლოს, რამდენად რეალურია ევრო 2020-ის ჩემპიონატის საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩატარება?
-ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი ერთია, შანსი კი მეორე. ვთქვათ გარდა სტადიონებისა, მსგავსი მასშტაბური ფორუმის მასპინძლობის მოსურნე ქვეყნებისთვის უეფას ინფრასტრუქტურული და უსაფრთხოების მოთხოვნები აქვს წამოყენებული. მასპინძელ ქალაქებში უნდა იყოს მაღალი დონის აეროპორტები, ფუნქციონირებდეს თანამედროვე სასტუმროების ფართო ქსელი. ასევე უნდა იყოს მოწესრიგებული გზები, ავტობანები, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, არ უნდა დაგვავიწყდეს საწვრთნელი ბაზები. ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ეს უფრო ოცნებას ჰგავს... უმაღლესი დონის საერთაშორისო შეჯიბრებები საქართველოში სამომავლოდ აუცილებლად გაიმართება, მაგრამ არა ამ ხელისუფლების ორგანიზებით.

ესაუბრა  ბესიკ გვაზავა,
საქართველოს სპორტულ
ჟურნალისტთა ასოციაციის
წევრი

No comments:

Post a Comment