გვერდი

Thursday 26 January 2012

ნათია მოგელაძე "ქართული ოცნებისგან" ფულის დაბრუნებას ითხოვს


   კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ "ქართულ ოცნებას" წერილით მიმართა და ფულის დაბრუნება მოითხოვა:
     "თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობა "ქართულ ოცნებაზე" "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის რეგულაციები ვრცელდება. შესაბამისად, მოძრაობა "ქართული ოცნების"
ფინანსური საქმიანობის კანონიერება და გამჭვირვალობა საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის საგანს წარმოადგენს. ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის 29 დეკემბერს, მოძრაობა "ქართულმა ოცნებამ" 2011 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მომსახურების შესყიდვის მიზნით შპს "ელიტა ბურჯს" საბანკო ანგარიშზე 2 მილიონი ლარი ჩაურიცხა. 2012 წლის 17 იანვარს, შპს "ელიტა ბურჯმა", მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი 2 მილიონი ლარიდან 100 000 ლარი მოძრაობა "ქართულ ოცნებას" უკან გადაურიცხა. აღნიშნული ფაქტიდან 3 დღეში, შპს "ელიტა ბურჯმა" 2012 წლის 20 იანვარს გაფორმებული ახალი ხელშკერულების საფუძველზე, 100 000 ლარის გარდა, მოძრაობა "ქართულ ოცნებას" ანგარიშზე კიდევ 1 მილიონი ლარი დაუბრუნა. ვთვლით, რომ სახეზეა მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები. ორივე ორგანიზაცია რეალურად ერთი და იმავე ფიზიკურ პირს, მოძრაობა "ქართული ოცნების" გამგეობის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. შესაბამისად, დამკვეთიც, შემსყიდველიც და შემსრულებელიც თავად არის. შპს "ელიტა ბურჯსა" და მოძრაობა "ქართულ ოცნებას" შორის გარიგება დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ შეთანხმებას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით კი, ბათილია ყველა გარიგება, რომელიც კანონით დადგენილი წესებისა და შეზღუდვებისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში მიიქცევა. ამ შემთხვევაშიც მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის რეგულაციების გვერდის ასავლელად განხორციელდა და მიზნად იურიდიული პირისგან, კონკრეტულ შემთხვევაში შპს "ელიტა ბურჯისგან" მიღებული კანონით აკრძალული შემოწირულობისთვის კანონიერი სახის მინიჭებას ისახავს. საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის საფუძველზე ვალდებულია, კანონის რეგულაციების გვერდის ავლით ყველა მსგავს მცდელობაზე რეაგირება მოახდინოს. ჩვენ საქმიანობის განხორციელების პროცესში ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 26 მუხლით განსაზღვრულ პირებთან თანამშრომლობას ვგეგმავთ. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების თავიდან ასაცილებლად გაძლევთ წინადადებას, მოძრაობა "ქართული ოცნების" ანგარიშზე იურიდიული პირის - შპს "ელიტა ბურჯის" მიერ ჩარიცხული 1 100 000 ლარი შპს "ელიტა ბურჯის" ანგარიშზე უკან გადარიცხოთ", - ნათქვამია მოგელაძის წერილში.

No comments:

Post a Comment