გვერდი

Tuesday 31 January 2012

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ბარაკ ობამას


საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა, რომელიც გუშინ The Washington Post-სა და The New York Times-ში ობამა-სააკაშვილის შეხვედრამდე დაიბეჭდა. „თავისუფალი პრესა“ გთავაზობთ ივანიშვილის წერილის სრულ თარგმანს.

 ძვირფასო პრეზიდენტო ობამა,
 2011 წლის დასასრულს საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წელი შესრულდა. ოცი წლის წინ, საქართველოს გაუჩნდა შანსი ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებზე საკუთარი სახელმწიფოებრიობა აღედგინა და თავისუფალ სამყაროს მიერთებოდა.
არავის ჰქონდა ილუზია, რომ ეს უმტკივნეულო და მარტივი პროცესი იქნებოდა. თუმცა, 2003 წლის „ვარდების რევოლუციამ“, ბევრ ადამიანს, ჩემი ჩათვლით, გაუჩინა იმის იმედი, რომ საქართველო პლურალისტური დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის და თავისუფალი, ღია საზოგადოების შენების გზას დაადგებოდა.
ჩვენი მოლოდინები დაიმსხვრა, როდესაც 2007 წლის მოწმენი გავხდით: სასტიკად დარბეული მშვიდობიანი მომიტინგეები, შტურმით აღებული და დახურული დამოუკიდებელი ტელეკომპანია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, პოლიტიკური ოპოზიციის „რუსეთის აგენტებად“ შერაცხვა, და მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის მიერ პირველ ტურში მოპარული არჩევნები.

ბოლო წვეთად იქცა უგუნური ჩართვა 2008 წლის აგვისტოს ომში, რომელიც იმით დასრულდა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა.
შედეგად, „ვარდების რევოლუციიდან“ რვა წლის შემდეგ, ჩემი ქვეყანა, სულ რაღაც რამდენიმე წარმატებით, კვლავ ერთპარტიული ავტორიტარიზმისა და რეალური დემოკრატიის გზაჯვარედინზეა. პოსტ-რევოლუციურ წლებში მიღწეული პროგრესი ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ადმინისტრაციული რეფორმის, ეფექტური სამთავრობო სტრუქტურების, წვრილმანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გაფერმკრთალდა პლურალისტური პოლიტიკური სისტემისა და კანონის უზენაესობის დეფიციტით.
პირიქით, ჩვენ მივიღეთ სუპერცენტრალიზებული, ფაქტობრივად ნეობოლშევიკური მართვის სტილი, რომელმაც თავის თავი დიდი ხნის წინ ამოწურა, და ხელს უშლის არამხოლოდ ქვეყნის განვითარებას, არამედ საკუთარ მიღწევებსაც საფრთხეს უქმნის.
საქართველოს მმართველი ელიტის პოლიტიკისადმი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ ფაქტის მიმართ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამ კვირაში თეთრ სახლშია მიწვეული.
ჩვენ ვიცით, რომ ამ ოფიციალურ ვიზიტს სამი წელი დასჭირდა. ვიცით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა, ადამიანის უფლებებისა და საკუთრების უფლებების დაუცველობა, თავდასხმები და მუდმივი კამპანია პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, პოლიტიკური ზეწოლა მედიასა და ბიზნესზე, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გადაწყვეტილების არაოფიციალურად და გაუმჭვირვალედ მიღების სტილი და ელიტური კორუფცია ჩვენს მდგომარეობას აზიანებს.
მაგრამ ჩვენ ვიცით ისიც, რომ საქართველო, რომლის წინაშეც უამრავი საფრთხეა, არ უნდა დაისაჯოს მისი მმართველი ელიტის შეცდომებისთვის და ეს არის ის, რასაც გულისხმობს ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. შესაბამისად, სწორედ მაშინ, როდესაც ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, საქართველოს ყველა ჭეშმარიტმა მეგობარმა ინტენსიური დიალოგის გზით უნდა დაარწმუნოს პრეზიდენტი სააკაშვილი უარი თქვას ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დარჩენის მცდელობისგან, რაც საქართველოსთვის შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.
ჩვენ ვიცით, რომ ამერიკელების მხარდაჭერა საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ არ ნიშნავს მხოლოდ კონკრეტული ლიდერის ან პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველ ხალხს, ყველა სხვა ხალხის მსგავსად, აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება. მაგრამ საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე ეს ოცნება ვერ განხორციელდება. ის, რომ ეს ასეა, ჩვენ შარშან დეკემბერში გამოვცადეთ, როდესაც შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში გამოაქვეყნა განცხადება ქართული საარჩევნო სისტემის, პოლიტიკურ პარტიებზე კანონისა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხარვეზების შესახებ.
ჩვენთვის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გარდამტეხი მომენტია. ჩვენ გვჭირდება ანგარიშვალდებული მთავრობა, მთავრობა, რომელსაც როგორც გარე, ასევე შიდა ლეგიტიმაცია გააჩნია; პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორი ჩვენი დასავლელი მოკავშირეებისთვის. ჩვენ გვჭირდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, უკიდურესი სიღატაკის დაძლევა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მოგვარება, და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა.
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის, უმნიშვნელოვანესია საქართველოს დღევანდელი უსაფრთხოებისთვის და მომავალში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ეს ჩემს ქვეყანას როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით პასუხისმგებლობას აკისრებს, რათა იყოს ღირსი და შეძლოს ეს პარტნიორობა. ასეთი ღირსეული პარტნიორობის შედეგია ქართული დანაყოფების გაგზავნა ავღანეთში – აუცილებელი მსხვერპლი, რომელიც ჩემმა ქვეყანამ გაიღო გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის; მეორე მხრივ, ასეთი პარტნიორობა უნდა გამორიცხავდეს პოლიტიკურ და სამხედრო შეცდომებს საქართველოს მთავრობის მხრიდან, რადგან ჩვენ ნატოში გაწევრიანებისკენ მივისწრაფვით.
საპარლამენტო არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, მე და ჩემი პოლიტიკური პარტნიორები ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ სრულად განვახორციელებთ საქართველოს მიერ დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს და ჩამოვაყალიბებთ მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას. ამიტომ, ჩვენ ვარწმუნებთ ამერიკის შეეერთებული შტატების ლიდერებს და მთელ დემოკრატიულ თანამეგობრობას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ქვეყნის სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და იმავდროულად, გამოიყენონ ყველა შესაძლო რესურსი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად ჩვენი მოქალაქეებისთვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
ყველა ქართველი იმედოვნებს, რომ ეს ვიზიტი ხელშესახებ წარმატებას მოუტანს საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე. და ამით ჩვენი ოცნებაც ასრულდება.

ბიძინა ივანიშვილი,
საქართველო

No comments:

Post a Comment