გვერდი

Thursday 12 January 2012

შ ე ს ა ვ ა ლ ი


     ეს არის შესავალი იმ წერილებისა, რომელსაც ცნობილი ქართველი ლიტერატორი და კინოდრამატურგი რეზო კვესელავა ბეჭდავდა რაიონულ გაზეთში მოგონებების სახით მასწავლებლებზე, ექიმებზე, გლეხკაცებზე... ეს მოგონებები მალე ცალკე წიგნად გამოვა ამ შესავლით, რომელსაც უცვლელად ვთავაზობთ ჩვენს მკითხველებს.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ყველამ, ვისაც სკოლაში უსწავლია, იცის ლეიბნიცის აფორიზმი: `აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა~. ეს აფორიზმი ისე მოხდენილად თარგმნა ილია ჭავჭავაძემ, რომ მასაც ეკუთვნის.
ილია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წარსულთან ცოცხალ ურთიერთობას. სხვანაირად წარმოუდგენელია. ჩვენი წინაპრები კულტურული ადამიანები იყვნენ, მათი ფოტოსურათებიც გვაგრძნობინებენ, რომ მათი ნაწერები მათი სულის ღაღადისია, მათი ცრემლები მათ ეკუთვნით. გალაკტიონი ასე ეთხოვებოდა სამშობლო მხარეს:

`მხოლოდ შენს ხსოვნას ჩემს საშინელ
მარტოობაში
მე არ გადავცვლი სხვა ნეტარ წამზე,
სხვა სიტკბოებას მირჩევნია ამგვარ
გრძნობაში
სხვისთვის ფარული ცრემლი წამწამზე.~
`კულტურა არის კულტი წინაპართა საფლავებისა და ძეგლებისა, მათი თაყვანისცემა, შვილებისა და მამების კავშირი. ამითაა ის ღირსშესანიშნავი და მშვენიერი. კულტურა ყოველთვის ამაყობს თავისი წარმომავლობის სიძველით და წარსულთან თავის ურღვევი კავშირით. კულტურა, მსგავსად ეკლესიისა, ყველაფერზე მეტად თავის მემკვიდრეობას უფრთხილდება. კულტურას არ ახასიათებს თავხედობა _ მამა-პაპათა საფლავების აბუჩადაგდება...
ამას ვერ ვიტყვით ცივილიზაციაზე. ცივილიზაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავის ახლო წარსულს. მას არ გააჩნია ძველი და ღრმა წყაროები. ის ამაყობს დღევანდელობით. მას წინაპარი არ ჰყავს. მას არ უყვარს საფლავები, ის ერთი და იგივე სახეს ატარებს...~
ამას წერს ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევი. ამ ადამიანს პატივს ვცემ იმიტომაც, რომ წერს ნათლად და გარკვევით. ცოტა დაფიქრებაა საჭირო და ამ აზრში, თანამედროვეობის კრიტიკასაც ამოვიკითხავთ.
ილია ჭავჭავაძე გვაფრთილებდა, _ წარსულის ხსოვნა არ შეგვესუსტებინა. ჭეშმარიტ ხელოვანს ასეთი გაფრთხილება არ ჭირდება. ამიტომაც არიან ისინი ჩვენი მასწავლებლები.
ამას წინათ მარტვილის ცენტრში თვალი მოვკარი ველოსიპედით მოსეირნე პოეტსა და მთარგმნელს ზურაბ დანელიას. შევაყოვნე, გავახსენე მის მიერ თარგმნილი პუშკინის ერთი ლექსი. მითხრა, ამ ლექსს რამდენიმე წელი ვთარგმნიდი, ვწვალობდი, ვიდრე სასურველ ფორმას მოვძებნიდიო. ცხოვრება სხვა მიმართულებით წავიდა, მაგრამ მე კვლავ იქა ვარ, ისტორიის იმ მონაკვეთზე, რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლიაო...
ასეა, ვინც ერთხელ იგრძნო პოეზიის მშვენიერება (მანამდე მან ეს უსათუოდ ცხოვრებაში იგრძნო), ის მოღალატე ვერ გახდება.
წარსულის ხსოვნა ასაზრდოებს შემოქმედს. მას ახსოვს საკუთარი წარსული, ახსოვს თავისი სამშობლოს წარსული და ახსოვს მთელი კაცობრიობის წარსულიც.
ბარათაშვილმა გვიანდერძა, _ `რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გადაეცემისო.~
დოსტოევსკიც ფიქრობდა ამ თემაზე, თავის ლიტერატურულ წერილებში ასეთი საგულისხმო მაგალითი მოჰყავს _ ვთქვათ, მგრძნობიარე ყმაწვილმა სადღაც, დიანას ღვთაებრივ ქანდაკებას მოჰკრა თვალი, და ამ ღვთაებრიობამ მის სულზე ცხოველი შთაბეჭდილება მოახდინა. გავიდა დრო-ხანი. ყმაწვილი დავაჟკაცდა, სად არ იყო, რა არ გამოსცადა. ბოლოს დაეუფლა იურისპრუდენციას და მოსამართლეც გახდა. და ჰა, ის დღეა, მას პირველი განაჩენი გამოაქვს და სრულიად ადვილი შესძლებელია, _ დასძენს დოსტოევსკი, _ განაჩენის გამოტანისას, ოდესღაც ნანახი ღვთაებრივი დიანასგან მიღებულმა შთაბეჭდილებამ, თავისი კეთილი როლი ითამაშოს.
სიყვარული გზას წყვდიადშიც გვინათებს. და ჩვენ მივადექით მთავარს: პარადოქსალისტი სომერსეტ მოემი გულახდილად გვეუბნება: _ დროგამოშვებით ჟურნალისტები მეკითხებიან ხოლმე, როდის გქონდათ ცხოვრებაში ყველაზე სანეტარო წუთებიო, რომ არ მრცხვენოდეს, ვუპასუხებდი, მაშინ, როდესაც გოეთეს `ფაუსტის~ კითხვა დავიწყე-მეთქი. რა დამავიწყებს ამ გრძნობას! ახლაც კი წიგნის პირველი გვერდები ძარღვებში ზოგჯერ სისხლს მიჩქეფებენ.~
`ფაუსტის~ პირველ გვერდზეა `მიძღვნა~ (Zveignug). ოსტატები ერთმანეთს ეჯიბრებიან `ფაუსტის~ თარგმნაში. პოეტმა მურმან ჯგუბურიამ თავის ლიტერატურულ გაზეთ `სიტყვაში~ `მიძღვნის~ ექვსი თარგმანი გამოაქვეყნა. ყველას გულდასმით გავეცანი, რუსული თარგმანებიც ვნახე, რაღა თქმა უნდა, ვნახედედანიც.
წინამდებარე წერილისთვის ავირჩიე პოეტ იორამ ქემერტელიძის თარგმანი, ჩემი აზრით, აქ მეტი სიზუსტე და სილაღეა. თუმცა, ბოლო სტროფი აქაც საეჭვოდ მეჩვენება.

მიძღვნა
კვლავ მიბრუნდებით მინავლულო
ხილვებო ყრმობის,
სიზმარივით რომ მახსოვს თქვენი
მიმქრალი ლანდი;
შეძლებს კი გული _ ხმა შევუწყო
იმ პირველყოფილ
და იმ შორეულ სიჭაბუკის ფიქრსა
და წადილს?
აღარ მასვენებს... მაშ, კეთილი!
სხვა გზა არაა, _
შემომხვევიხართ ნისლების და
ღრუბლების გროვად;
კვლავ ჭაბუკურად შეატოკა, შეაქანავა
გული შიგ თქვენმა ჯადოქრულმა
ნისლების ქროლვამ.
კვლავ მიბრუნდებით იმ მხიარულ
დღეთა ფერხულით,
ყველა აჩრდილი სანუკვარი ერთად
მოგროვდა
და მახსენდება, ვით ზღაპარი
მივიწყებული,
პირველი იგი სიყვარული და
მეგობრობა
პირი ეხსნება ძველ იარებს და
ცრემლით მალბობს
ცოდვა და ბრალი ამ ცხოვრების
ორომტრიალის _
იმ საყვარელ და უძვირფასეს
სახელთა გამო,
თვალდახელშუა რომ მტაცებდა
ბედი ტიალი.
ვისაც ხიბლავდა ჩემი ჩანგის
ძველი ჰანგები,
ვეღარ მოისმენს ახალ ჰანგებს
ამიერიდან;
შემომეფანტნენ მეგობრები
ძალით განგების,
აჰა, იმ ჩანგის ექოც მიწყდა და
მიირინდა.
და მარტოსული უცხო ბრბოსთვის
ვგოდებ მხოლოდღა,
და ტაში მათი ეკლებივით მბურძგლავს
და მზარავს;
თუ კი ვინ შემრჩა მეგობარი
თითო-ოროლა, _
ვინ სად და ვინ სად _ დაბნეული
ედება შარას.
და ჰა, გაღვივდა ნავლი იგი,
მიმქრალი ტოლვის,
მეძახის მყუდრო და ნეტარი
საუფლო სულთა;
და ჩემი ჩანგის ბუნდოვანი,
ღუღუნა ტონი
გაისმის, როგორც ეოლოსის
სიმღერა სუფთა,
სულითხორცამდე შეძრული ვარ
და ღაპაღუპით
ჩამომდის ცრემლი, მკერდიც
ნაზად ადის და ჩადის
და რაც ხელთა მაქვს, _ ის გამქრალა
მგონია უკვე,
და რაც გამქრალა, სინამდვილე
მგონია ცხადი!
                  (`საუნჯე~ 1986 . VI).

გოეთეს `მიძღვნის~ ანალოგია პუშკინის `19 ოქტომბერი~, შეიძლება პუშკინი გოეთეს `ფაუსტის~ შესავალმა წააქეზა. ფაქტი კი ის არის, რომ პუშკინის `19 ოქტომბერი~ უფრო ვრცელია და ქართველი მკითხელისთვის უფრო ახლობელიც. ვინაიდან პუშკინის მეგობრებს ქართველი მკითხველი ბავშვობიდან იცნობს. ვის არ უღვრია ცრემლი ტინიანოვის რომანის გმირის კუხლიას ბედის გამო? ამავე რომანით გავიცანით დელვიგი, პუშჩინი და სხვები.
რასაც იგონებს გოეთე და პუშკინი, ჩვენც დღევანდელ მკითხველებსაც გვხვდება. სწორედ ეს არის კავშირი მამებსა და შვილებს შორის~, როგორც გოეთე `მიძღვნაში~, ასევე პუშკინი `19 ოქტომბერში~ უპირველეს ყოვლისა იგონებს თავის მეგობრებს, რომელთაგან ზოგი საფლავში წევს, ზოგი სადღაც შორი-შორს დაძრწის ბედის საძებნელად. ამ დროს გოეთე ოლიმპოზეა, პუშკინი კი გაძევებულია მოსკოვიდან და მიუსაფრობაში ებრძვის `სპლინს _ უხმო ჯალათს~
Друзья моия прекрасен наш союз!
Оня как душая неразделим и вечен
Неколебим, свободен и беспечен,
Страстался он под сенью дружных муз.
Куда бы нас не бросила судьбина
И счастие куда б не повело,
Всё также мы: нам целый мир чужбина,
Отечество нам Царское село...“

`იგივენი ვართ: მთელი მსოფლიო ჩვენთვის უცხოეთია, ჩვენი სამშობლო ცარსკოეს სელოაო~. ასეა ჩვენთვისაც. სადაც არ უნდა გადაგვისროლოს ბედმა, ნიუ-იორკის ქუჩებში ვპოვებთ კარიერას თუ ბრიუსელის, ჩვენ სამშობლოდ რჩება მარტვილი, ის ადგილი, სად მამა-პაპა გვეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი. რამდენი სიმწარე მინახავს ჩაუცმელ-დაუხურავს, სუსხიან ზამთარში სკოლისკენ რომ მივრბოდი, თვით სკოლაშიც, გაყინულ ოთახში ბუხრის წინ რიგში ვიდექით, რათა ცეცხლისათვის გათოშილი ხელები მიგვეშვირა. ჩვენსავით ღარიბი ჩვენი მასწავლებლები იზიარებდნენ ჩვენს ბედს.
, რა საყვარელი ჩანს ახლა ის სიღარიბე, ის ქალამნები, ის ქოშები, ის შეციებული და მუდამ მოკისკისე გოგონები, ის ცელქი ბიჭები! `მხიარული სიღარიბე~ _ ეს ცნება მგონი ეპიკურეს ეკუთვის.
მეც ფიქრებში მეწვევიან ხოლმე ბავშვობის მეგობრები: ამირანი, ომარი, დუშა, ჩაჩა, ნათელა, რაული, შოთა, ნანული, ლერი... ვიკრიბებოდით ამირან გაბისონიასთან.
მისი ფატნაზიის და წარმოსახვის უნარი ბევრს გვპირდებოდა. ტოტებისგან ვაგებდით სასახლეს, მის ჩრდილქვეშ `ტრისტან და იზოლდას~ ვკითხულობდით. სამზარეულოდან საჭმლის მზადების სუნი გვცემდა. ვღელავდით. თავი უნდა შეგვეკავებინა, რადგან ყველას უჭირდა მაშინ. ომი იყო. თითქმის ყოველდღე სამკითხველოში დავდიოდით. იქიდან გამოგვქონდა დიკენსისა და ჟიულ ვერნის რომანები. ვკითხულობდით ღამეები შუაცეცხლთან და მეორე დღეს ვუზიარებდით ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. კამათიც გვქონდა. ჩვენი მეგობარი იყო ბიბლიოთეკარი ჭანტურია, წყნარი და მოსიყვარულე ქალბატონი. მისი დანახვაც კი სახარულს გვგვრიდა. თავს გვადგა მარტვილის მონასტერი. შორს გვეგონა. ჩვენი სულები იქითკენ მიისწრაფოდნენ. და ბოლოსდაბოლოს, გადავლახეთ ტყით დაფარული ფერდობი და ვიხილეთ მონასტერი, ვიხილეთ დადიანების საფლავები, ეკატერინე ჭავჭავაძის საფლავი და ძეგლი. ქვის საფლავებზე ეწერა: შეგვინდეთო! რა შენდობას ითხოვდნენ ეს ძვირფასი ცხედრები მაშინ, არ გვესმოდა.
გოეთე ღმერთია, პუშკინი ღვთაებრივი! პოეტს უყვარს ლიცეუმი. იქნებ მას იქ სიმწარეც უნახავს, იქნებ ბევრჯერაც უწყენინებიათ, იქნებ მასწავლებლებიც არ ყოფილან მუდამ ლმობიერნი, მაგრამ პუშკინი ლოცავს სასწავლებელს და მასწავლებლებს და მიმართავს მეგობრებს, _ წყენა დავივიწყოთ და სიკეთისთვის სიკეთით მივაგოთო.
Благослави, ликуюшая муза,
Благослави: да здравствует Лицеи!
Наставникам, хранившим юность нашу,
Всем честию, и мертвым и живым,
К устам подьяв признательную чашу,
Не помня зла, за благо воздадим.“

მწერალ ოთარ ჩხეიძეს, გამწარებულს და ნერვებმოშლილს სამშობლოს ბედკრულობის გამო, აგონდება ილია ჭავჭავაძის სატრფოსადმი მიძღვნილი ლექსი:
`გახსოვს ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში,
მე და შენ რომ ერთად ვრბოდით?
ნეტა იმ დროს, სიყვარულის
მეტს არაფერს ჩვენ არ ვგრძნობდით...~
მართლაც, ნეტა იმ დროს, რომ ასეთი იდილია შესაძლებელი იყოო! თუ არადა, შესაძლებელი იყო. აკი შენიშნა გალაკტიონმა:
`წიწამურში რომ მოკლეს ილია,
მაშინ ეპოქა გათავდა დიდი _
ძველი სიმღერა და იდილია,
ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი.
......
როგორ ოხრავდნენ მათზე ქალები,
რა მშვიდი იყო მათი ცხოვრება.~
ეს პოეტური მეტაფორაა.
ყველამ ვიცით რა ბრძოლებში იყვნენ ილია ჭავჭავაძე და მისი თაობა. მაგრამ იცით, რა იყო ბედნიერება? (სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ), რომ იყო რწმენა, იყო მიზანი და იდეა! გალაკტიონ ტაბიძის პოეზია სუნთქავს მოგონებებით. პირველად მან შესძლო გაერღვია ჩარჩოები და მსოფლიოს გულისფეთქვასდაკავშირებოდა.
გალაკტიონი იგონებს:
`რუსთაველი მახსოვს ბავშვი,
ოცნებობდა ოქროს ნავში,
მიცქეროდა და თან თრთოდა,
ვით ფოთოლი თრთის ნიავში...~
(`მთვარის ნაამბობი~)
გალაკტიონ ტაბიძე უნივერსალურია. გალაკტიონი, რომელიც აღმერთებდა ახალი პოეზიის მამამთავრებს, ფრანგები იყვნენ ისინი, თუ რუსები, გერმანელები თუ ამერიკელები, ერთი წამითაც არ მოწყვეტია ნიადაგს, მშობლიურ გარემოს, და პეიზაჟს. მისი ცრემლები იქ იღვრებოდა, სადაც დაღვრილა ცრემლები რუსთაველისა, გურამიშვილისა, ბარათაშვილისა, ვაჟასი, ილიასი, აკაკისა.
გალაკტიონს ხშირად აგონდება თავის უშუალო წინაპრები:
`ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული~
`აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს
მეფურ ძილით~. ეს მოხუცი აკაკია, მაგრამ იგონებს შარლმ ბოდლერსაც:
`იყო შარლ ბოდლერი: მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე _
რომელი საათია?~
იგონებს ოსკარ უაილდს: `და უაილდის ყვავილივით დაეცი გზაზე~
იგონებს გოეთეს: `ობობიან კუთხეში დივანს ვხედავ: `ვით გიეთე ზის იქ სატანა~
იგონებს ედგარ პოს: `ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი, როცა საუბარი ედგარ პოეზეა~.
იგონებს პოლ ვერლენს: `ხშირად ვიგონებ ვერლენს, როგორც დაღუპულ მამას.~
იგონებს დანტეს: `ვით სამოთხიდან ალიგიერი, მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული~.
იგონებს ტეოფილ გოტიეს: `ბედნიერი იგი დრო, ეხლა უფრო ანკარა!
თვითეულში ელავდა ბრუმელი ან ლოზენი.
ნეტავი სად არიან, ყველა ეს უანგარო
პოეტები, მხატვრები, ქალნი მომიმოზენი?..
ეხლა გზა კი ეკალზე უფრო უეკლესია...~
იგონებს ზაქარია ფალიაშვილს: `ოჰ, ცრემლი მისი იყო მისივე!~
იგონებს მაწანწანალა ბავშვებს და მათ არაერთ ლექსს უძღვნის სხვადასხვა დროს: `ნისლი, წვიმა, თრთიან გარეთ უბინაო ბავშვები...~
`პატარა პირუტყვივით ყრია ბავშვები ზამთრის ქუჩებში...~
`მშიერი სახით კაფეში შედის
ბავშვების გუნდი შიშველ-ტიტველი,
მათი თვალები აღარ იცინის,
ხედვაში ხანჯლის არის ციება.~
...
`ამ დროს მოლხენით არის დარბაზი,
ორკესტრი გვრგვინავს თავგამეტებით...
განწირულო და დაღუპულო,
, უბინაო, უგზო, უფულო...
როგორც წვიმაში ნაზი სუმბული
იგი დგას ცრემლში ამოწუმპული.~
რომელია მეორე პოეტი, რომელსაც ასე განეცადოს ბავშვების ბედი? გალაკტიონის სევდა უსაზღვროა:
`ჩემთვის ერთია, ბედის წინაშე
ბავშვებს საიდან ელით საშველი.
მე აღარ ვამბობ: უშველეთ ბავშვებს,
მიეცით ბავშვებს სასუფეველი...
მაგრამ ხანდახან მე გული მტკივა:
რად არის ასე? რად არის ასე?
რისთვის მოჰკალით ჩემი სინაზე?
მახსოვს ფოთლები, ვენახი, თივა...
, მეგობრებო, სანამდე მივა
ოცნება ფერფლზე, მზეზე, წვიმაზე!~
სასოწარკვეთამ ათქმევინა გალაკტიონს ეს სიტყვები:
`შენ გესიზმრება შენი სამშობლო,
სამშობლო შავი ლიუციფერის,
სამშობლო ძველი...
არასდროს ჩვენთან იქ არ ყოფილა
ნაზარეველი.~
ეს კი თვითმხილების შედევრია:
`შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს,
ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძვინვარეს...~
...
`მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს,
და ველი სასწაულს.~
ეს ლექსი თავისი სიმძაფრითა და გულახდილობით არ ჩამოუვარდება ბარათაშვილის: `სულო ბოროტოს~ და პუშკინის `მოგონებას~.
ეს წმინდანები თავიანთ თავში ბნელ ძალებს ხედავდნენ. რაშია საქმე? ამით განსხვავდება დიდი ადამიანი პატარისაგან, რომელიც თავისთავში მხოლოდ მესიას და ანგელოსს ხედავს.

რეზო კვესელავა
კინოდრამატურგი, ლიტერატორი

No comments:

Post a Comment